მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატები უკვე ცნობილია

მერის პოსტის მოსაპოვებლად, პარტიის წარმომადგენლები, რეგიონის ექვს მუნიციპალიტეტში იბრძოლებენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებით, თელავში, მერობის კანდიდატი, პარლამენტის დეპუტატი, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბოტკოველი იქნება. ბოტკოველი, სხვადასხვა დროს კახეთის გუბერნატორის მოადგილე, კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე, გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელი იყო.

ახმეტაში ნაციონალურმა მოძრაობამ, ზურაბ ოტიაშვილი დაასახელა. ოტიაშვილი წლების განმავლობაში, კონტრდაზვერვის სამსახურის მაღალჩინოსანი იყო, მათ შორის, მუშაობდა ახალგორშიც.
2007 წელს, ის საქართველოს საგარეო დაზვერვას ხელმძღვანელობდა.

საგარეჯოში მერის თანამდებობის მოსაპოვებლად, ბიზნესმენი, დავით ჯავახიშვილი იბრძოლებს, რომელიც წლების განმავლობაში, პარტიის აქტიური მხარდამჭერი იყო. 2012 წელს,მას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის 10 ათასი ლარი აქვს შეწირული.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას, მიხეილ სააკაშვილის მეგობარი ბიზნესმენი, სერგი კაკალაშვილი შეეცდება. კაკალაშვილი, წლების განმავლობაში, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებული პირია. 2012 წელს, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, კაკალაშვილმა ქვეყანა დატოვა. თავად ბიზნესმენი, ემიგრაციაში წასვლას, მის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ დევნას უკავშირებდა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატად, პარტიამ ბიზნესმენი ზაზა პაპუაშვილი წარადგინა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მერის თანამდებობის დაკავებას, თამაზ კოჭლამაზაშვილი შეეცდება, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, საჯარო სამსახურში, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ის “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის და დედოფლისწყაროში ამჟამად მოქმედი მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის მეზობელია.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, მერობის კანდიდატები არ დაასახელა, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში.

ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, დასახელდება თუ არა, ორ მუნიციპალიტეტში, ოპოზიციური პარტიების შეთანხმებული კანდიდატი.

მსგავსი პოსტები

Back to top button