მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი, გარდაიცვალა

ორთვენახევრიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ, კახეთში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი, გარდაიცვალა.

27 წლის მარიამ აბაზაძე, რომელიც ქმარმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში დაჭრა, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

გარდაცვლილს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავში ჰქონდა მიყენებული.

დაჭრილს, თავდაპირველად, წნორის კლინიკაში მკურნალობდნენ, თუმცა ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო, კატასტროფის მედიცინის ბრიგადამ ის თბილისში გადაიყვანა.

კლინიკაში მარიამ აბაზაძეს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა, ექიმებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე, პროგნოზის გაკეთება უჭირდათ.

ცოლის დაჭრისათვის, სამართალდამცავებმა დაჭრილის ქმარი,
27 წლის შმაგი ხუნაშვილი დააკავეს, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამჟამად, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

დაჭრის რეალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ქმარს იარაღი გაუვარდა, რადგან ოჯახში კონფლიქტის შესახებ, მათ ინფორმაცია არ აქვთ.

სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით კი, ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის გამოც მამაკაცმა ცოლს სანადირო თოფიდან ესროლა.

გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, რომლებიც ბებიასთან იმყოფებიან.

გამოძიება, მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11′ 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, შემთხვევა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში, 4 სექტემბერს მოხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button