ეკონომიკამნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია

15 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 48 ათას ტონაზე მეტი ყურძენი: 36 ათასი ტონა რქაწითელი, 9 ათასი ტონა საფერავი, 1,3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია, – ამის შესახებ რადიო ჰერეთს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

სააგენტოს მიხედვით, ყურძნის გადამუშავების დღე-ღამური მაჩვენებელი 8-9 ათასი ტონის ფარგლებშია.

მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „რქაწითელისა“ და „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც: შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე – 0,30 ლარი“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წელს პირველად ყურძნის ჩაბარების პროცესს ქარხნებში დამონტაჟებული ვიდოკამერებით აკვირდებიან.

წინასწარი პროგნოზით, წელს კახეთში 300 ათასი ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან. რთვლის შტაბს ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, ლევან მეხუზლა ხელმძღვანელობს.

“რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია თელავში (ალაზნის ქ. 97). სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

როგორც რადიო ჰერეთს შტაბში განუცხადეს, ყველა დაინტერესებულ პირს, რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 შეუძლია.

 

წაიკითხეთ ასევე

მევენახეების აქცია ყვარელში -ადგილობრივები ყურძნის დაბალ ფასს აპროტესტებენ

 

მსგავსი პოსტები

Back to top button