კრიმინალიკრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ბრალდებული გამართლდა, გამოძიებამ მკვლელი ვერ იპოვა

“ჩემთვის ეს იყო უმძიმესი, მაგრამ ფაქტია, გამოძიებამ მკვლელი ვერ იპოვა.” – ასე შეაფასა თელავის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი სოფელ კასრისწყალში მოკლული ერასტი ღულელაურის შვილმა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში მომხდარი განზრახ მკვლელობა, გარდაცვლილის დისშვილს, 25 წლის ჯემალ უთურგაიძეს ედებოდა ბრალად. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებოდა.

14 სექტემბერს, თელავის რაიონულმა სასამართლომ ჯემალ უთურგაიძეს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. გარდაცვლილის ვაჟი, გოჩა ღულელაური მიიჩნევს, რომ მკვლელობის საქმე სათანადოდ ვერ გამოიძიეს.

“საქმეში იდო საგამოძიებო ექსპერიმენტი, სადაც ბრალდებულმა ყველაფერი აღიარა, მაგრამ შემდეგ გადათქვა. გამოძიებამ მისი აღიარება სხვა მტკიცებულებებით ვერ გაამაგრა. საშინელი კანონია, დაზარალებული გამოძიების იმედზეა, რომელსაც კვალიფიციურს ნამდვილად ვერ დაარქმევ. ექსპერტიზას რვა თვე ელოდები, წარმოგიდგენიათ?” – თქვა რადიო ჰერეთთან გოჩა ღულელაურმა.

გამართლებული პირის ადვოკატი, დავით დადიანი რადიო ჰერეთთან განმარტავს, რომ გამოძიებამ საკმარისი მტკიცებულებები ვერ შეაგროვა.

“გამამართლებელი განაჩენის მიღწევა ჩვენს სასამართლოებში, თქვენც იცით, რომ ასე მარტივი არ არის. ჩვენს საქმეს განიხილავდა მოსამართლე, რომელმაც რეალურად, მტკიცებულებები შეაფასა და გადაწყვეტილება ისე მიიღო. ეს ჩემთვის, როგორც ადვოკატისათვის ძალიან კარგია, მაგრამ სახელმწიფოებრივად ძალიან მძიმეა, როცა გამოძიება მკვლელს ვერ ადგენს.” – განაცხადა დადიანმა.

რადიო ჰერეთის კითხვებს გამოძიებამ ოფიციალურად არ უპასუხა. თუმცა, ბრალდების მხარემ კერძო საუბარში განმარტა, რომ გადაწყვეტილება კანონით დადგენილ, ერთი თვის ვადაში, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

მკვლელობა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში, 2019 წლის 17 დეკემბერს მოხდა. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, 1995 წელს დაბადებულ ჯემალ უთურგაიძეს, ბიძასთან, ერასტი ღულელაურთან, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, სიტყვიერი დაპირისპირება მოუხდა და უთურგაიძემ, ბიძის სახლში აღებული დანით, ღულელაური მისსავე საცხოვრებელ სახლში მოკლა. არის თუ არა ჯემალ უთურგაიძე ბიძის მკვლელი, ახლა სააპელაციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button