მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კახოვის კაშხლის ჩამონგრევის უკან რუსეთი დგას

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ კახოვკას ჰესის აფეთქების უკან რუსეთი დგას.

„კაშხალი არ დაუბომბავთ. ის გაანადგურეს ასაფეთქებელი ნივთიერებებით იმ ადგილებში, სადაც ტურბინებია დაყენებული. ეს ტერიტორია რუსეთის კონტროლის ქვეშაა. მე იქ არ ვყოფილვარ, რომ გამერკვია, ვინ გააკეთა, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ თუ ეს მოხდა რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე, ძნელი დასაჯერებელია, რომ სხვა ვინმე ყოფილიყო“, – აღნიშნა ბორელმა.

მისი თქმით, ჰესის აფეთქებამ უკრაინას საშინელი შედეგები მოუტანა. ჰუმანიტარული თვალსაზრისით დევნილთათვის და ასევე გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, რადგან კაშხლის განადგურება ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს.

უკრაინის უშიშროების სამსახური (SBU) აცხადებს, რომ მოიპოვა რუსეთის სამხედროებს შორის სატელეფონო კომუნიკაციის ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს რუსეთის მონაწილეობას კახოვკის კაშხლის განადგურებაში.

SBU-მა აუდიოჩანაწერი 9 ივნისს ტელეგრამით გაავრცელა. უკრაინის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ რუსეთის სამხედროები ლაპარაკში აღიარებენ, რომ კაშხლის დაზიანება იყო “საბოტაჟის ჯგუფის” მოქმედებების შედეგი, უკრაინის არმიისთვის სირთულეების შექმნის მიზნით.

ჩანაწერის ავთენტურობა ჯერჯერობით დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის.

“ეს დარტყმა მათ [უკრაინელებს] არ მიუტანიათ. ეს იყო საბოტაჟის ჩვენი ჯგუფი იქ. მათ უნდოდათ კაშხლით [უკრაინელების] შეშინება. ისე არ მოხდა, როგორც გეგმავდნენ, უფრო დიდი აღმოჩნდა”, – ამ სიტყვებს, როგორც აცხადებენ, ჩანაწერში რუსი სამხედრო ოფიცერი წარმოთქვამს. საუბრის მეორე მონაწილე გაკვირვებული ჩანს ამ განცხადებით რუსეთის ძალებზე, რომლებსაც კახოვკის კაშხალი ოკუპირებული აქვთ უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეჭრის ადრეული დღეებიდან.

SBU არ აკონკრეტებს საუბარში მონაწილეთა ვინაობას და მეტ ინფორმაციას არ ავრცელებს იმის თაობაზე, თუ რა ითქვა ან როდის, თუმცა სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ომის დანაშაულების და კაშხლის “ეკოციდის” შემთხვევებზე.

შეგახსენებთ, 6 ივნისს კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. კაშხლის ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის გამო ათობით დასახლება დაიტბორა და ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

მსგავსი პოსტები

Back to top button