ანალიტიკამნიშვნელოვანი

კალაძე: მოქალაქეს შეუძლია სამგზავრო ბარათი “განვადებით იყიდოს”

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებული სისტემით გათვალისწინებული წლიური 250-ლარიანი აბონემენტის შეძენა არ შეუძლიათ, მათ ბანკთან შეთანხმებით შეუძლიათ, განწილვადება გააკეთონ.

ეს შეთავაზება კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მას შემდეგ განაცხადა, რაც ახალი ინტეგრირებული სისტემის ტარიფები განმარტა და აღნიშნა, რომ ყველაზე იაფად მოქალაქეები იმ შემთხვევაში იმგზავრებდნენ, თუ 250-ლარიან სააბონემენტოს შეიძენდნენ.

იმედის შეკითხვას, რომ ყველას არ აქვს 250 ლარი სააბონემენტო პაკეტში ერთიანი გადახდისთვის, თბილისის მერმა ასე უპასუხა:

„აქაც შეიძლება დაელაპარაკონ ბანკებს და განწილვადება გაუკეთონ, არ მგონია ეს პრობლემა იყოს“.

თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ულიმიტო აბონემენტების სისტემა ამოქმედდება.

გადაწყვეტილება ძალაში 2022 წლის თებერვლიდან შევა, ხოლო ბარათების შეძენა მოქალაქეებს მეტროს სადგურებსა და „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალებში 5 იანვრიდან შეეძლებათ.

თბილისის მერის მტკიცებით, ინტეგრირებული სისტემა მგზავრობას არ გააძვირებს, მიუხედავად იმისა, რომ აბონემენტით ერთჯერადი მგზავრობა 1 ლარი ეღირება, რაც ახლა მეტროსა და ავტობუსის შემთხვევაში 50 თეთრი, მიკროავტობუსის შემთხვევაში კი 80 თეთრია. 1-ლარიანი ბილეთით  90 წუთის განმავლობაში მგზავრობა უფასო იქნება.

1თებერვლიდან, ერთჯერადი, ერთი სახეობის ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდება და 1 ლარი გახდება.
მისი გადახდა მგზავრს შეეძლება, როგორც ძველებურად, საბანკო ბარათებით, ისე, ახალი სააბონენტო ბარათითაც.
5 იანვრიდან სააბონენტო სისტემის ფასები იქნება:
🔴 ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი -1 ლარი;
🔴 ულიმიტო 1-დღიანი ბარათი – 3 ლარი;
🔴 ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი – 20 ლარი;
🔴 ულიმიტო 1-თვიანი – 40 ლარი;
🔴 ულიმიტო 3-თვიანი ბარათი – 100 ლარი;
🔴 ულიმიტო 6-თვიანი ბარათი – 150 ლარი;
🔴 ერთწლიანი ბარათი – 250 ლარი
თბილისის მერიის განმარტებით, შეღავათიანი პროგრამების ფარგლებში, უფასოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრებენ თბილისში რეგისტრირებული უსინათლო პირები, მათი თანმხლები და გამცილებელი პირები, ასევე, მოსწავლეები, უბნის ინსპექტორები, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.
თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლები, თბილისში რეგისტრირებული ვეტერანები და სხვა.
რაც შეეხება შეღავათიან მგზავრობის ტარიფებს – 20 თეთრის გადახდის უფლებით ისარგებლებენ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები, საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები, პენსიონერები, თბილისის საკუთრებაში არსებული უბნის ექიმები, პედიატრები, მანდატურები და სხვა
ასევე, 10-თეთრიანი მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული 70 ათასი და დაბალი ქულის მქონე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები.

მსგავსი პოსტები

Back to top button