კარლ ჰარცელი ფოთში აკადემიის კადეტებს შეხვდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში იმყოფებოდა. აღნიშნული ცენტრი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალია, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაიხსნა.
ელჩმა, ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში არსებული 13 ლაბორატორია დაათვალიერა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით; შეხვდა მომავალ მეზღვაურებს – აკადემიის კადეტებს. დაესწრო ნიკო ნიკოლაძის სახელობის ბიბლიოთეკის გახსნას და ქართული საზღვაო განათლების ისტორიის შესახებ შექმნილ ილუსტრირებული წიგნის პრეზენტაციას.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა კარლ ჰარცელს, სიმბოლურად მეზღვაურის წიგნაკი გადასცა.
“დარწმუნებული ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ მეზღვაურის პროფესია ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროფესიის და ამ განათლების არჩევა, ძალიან კარგი ინვესტიცია არის. საქართველოს საზღვაო ინდუსტრია სჭირდება იმისთვის, რომ ეკონომიკა განავითაროს. ასევე, მე ძალიან დიდი პატივი მერგო, გამეხსნა ნიკო ნიკოლაძის სახელობის ბიბლიოთეკა. ფოთის პორტი მე-19 საუკუნიდან არსებობს და ეს სიმბოლურია, რომ ჩვენ აქ ვართ, იმიტომ, რომ ეს ასევე აღნიშნავს ევროპასთან კავშირებს. შავი ზღვა, საქართველოს და ევროპას კი არ აშორებს, არამედ აკავშირებს. აქვე მინდა ვახსენო ევროკავშირსა და საქართველოს სატრანსპორტო კავშირების შესახებ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა ამ სფეროში მეტის გაკეთება, უკვე ბევრი ინვესტიციები გვაქვს სხვადასხვა სატრანსპორტო კავშირებში, სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის გზების მშენებლობა, ჩქაროსნული მაგისტრალი, რკინიგზა, პორტები და ასევე შავი ზღვის განვითარება იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო ახლო გახდეს ევროპისთვის”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.