მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის მხარეს მებრძოლი ცხინვალელი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში

10 თებერვალს, საღამოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ საინფორმაციო საშუალებებით გაავრცელა ცნობა, რომ ცხინვალის მცხოვრები, რუსეთის მხარეს მებრძოლი ალან ჯიოევი უკრაინაში დაიღუპა.

დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, პოლკოვნიკმა მარატ პავლოვმა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა მიუსამძიმრეს ალან ჯიოევის ოჯახს.

დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში ვკითხულობთ: „ალან ჯიოევი დაიბადა 1996 წლის 16 ოქტომბერს ქალაქ ცხინვალში. 2014 წლის 21 ნოემბრიდან 2016 წლის 23 მაისამდე მსახურობდა ეროვნულ შეიარაღებულ ძალებში. 2016 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 1 აპრილამდე მან ხელშეკრულებით სამხედრო სამსახური თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში გაიარა“.

დამატებითი ცნობები არ ვრცელდება, რა ვითარებაში, როგორ და როდის დაიღუპა ალან ჯიოევი. რუსეთ-უკრაინის ომში, რუსეთის არმიის მხარეს მებრძოლი, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები 20-ზე მეტი ჯარისკაცი და მოხალისე დაიღუპა. მათი დიდი უმრავლესობა რუსულ მე-4 სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობდა. უკრაინაში ისინი, გასულ წელს ორ ეტაპად გაამგზავრეს.

2022 წლის 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ. გარდა საკონტრაქტო ჯარისკაცებისა, უკრაინაში, რუსეთის არმიის რიგებში ომში ცხინვალელი მოხალისე მებრძოლებიც იმყოფებიან. დაუზუსტებელი მონაცემებით, მათი რაოდენობა 1000 ჯარისკაცს შეადგენს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 10 თებერვლამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

ჯარისკაცი – დაახლოებით 135 740
​ტანკი – 3258
ჯავშანტექნიკა – 6 471
საარტილერიო სისტემა – 2 251
სარაკეტო სისტემა – 463
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 233
თვითმფრინავები – 295
ვერტმფრენი – 286
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 970
საკრუიზო რაკეტები – 796
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 126
გემი/ნავი/კატარღა – 18
​ სპეციალური აღჭურვილობა – 211.

მსგავსი პოსტები

Back to top button