მნიშვნელოვანისიახლეები

კონსილიუმი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას წარადგენს

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას წარადგენს. დოკუმენტში საუბარია, როგორც ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხებზე, ისე უფლებრივ ნაწილზე. რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის მიერ შექმნილ კონსილიუმს მორიგი ვიზიტი რამდენიმე დღის წინ ჰქონდა, რა დროსაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაწეული სამედიცინო მომსახურება შემოწმდა.

როგორც საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია განმარტავს, თუ შესრულებული არ იქნება ის რეკომენდაციები, რომელიც გაიცა სახალხო დამცველის აპარატის მიერ შექმნილი კონსილიუმის მხრიდან, აღნიშნული კონსილიუმი აღარ გააგრძელებს ექსპრეზიდენტთან ვიზიტს.

ლომჯარიას თქმით, დღევანდელი დასკვნა იქნება შემაჯამებელი ხასიათის და მოიცავს იმ სამი ვიზიტის შედეგებს, რომელიც შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განხორციელდა.

მისივე განცხადებით, ექიმებმა მიხეილ სააკაშვილი 23 ნოემბერს, 12 დეკემბერსა და 11 იანვარს მოინახულეს.

ნინო ლომჯარიას ხმა

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში, მისი აზრით, შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილის ფსიქონერვოლოგიური თერაპია. ამის შესახებ მან კონსილიუმის დასკვნის საზოგადოებისთვის გაცნობის შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

“დარჩება ამ დონეზე თუ გაღრმავდება დეპრესია და ფსიქონერვოლოგიური აშლილობა, ძნელი სათქმელია. თუ ძირითად ის, რაც იწვევს ამას, მოხსნილი არ არის, სავარაუდოდ, უნდა ვიფიქროთ, რომ ან არ გაღრმავდება ან ან გაღრმავდება…

ჩემი პირადი აზრია, რომ მისი ფსიქონერვლოგიური თერაპიული რეაბილიტაცია გორის საავადმყოფოში უფრო შესაძლებელი იყო, მაგრამ რატომღაც ეს არ იყო გათვალისწინებული. ახლაც შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებად რეალურია, რომ ეს ყველაფერი მოხდეს პენიტენციურ დაწესებულებაში… მე ცოტა არ მჯერა, რომ სრულყოფილი რეაბილიტაცია შესაძლებელია იქ, სადაც ის იმყოფება. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მცდელობაც არ ყოფილა ამის”, – განაცხადა კონსილიუმის წევრმა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ​მა.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა, რომელიც პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკურნალობის მეთოდებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას სწავლობდა, დღეს, 19 იანვარს მესამე დასკვნა გამოაქვეყნა. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მიდგომები არსებითად არ იცვლება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავებმა ქვეყანაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სასამართლოებმა პატიმრობა შეუფარდეს. მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სასამართლო განხილვები სხვა ბრალდებებთან დაკავშირებითაც.

მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობდა. შიმშილობის 50-ე დღეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სწორედ ამ დღეს, 20 ნოემბერს შეწყვიტა მან შიმშილობა. დეკემბრის ბოლოს ის ისევ რუსთავის ციხეში დააბრუნეს.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრის თენგიზ წულაძის განცხადებით, პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან 11 იანვარს განხორცილებეული უკანასკნელი ვიზიტის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ პაციენტის მდგომაროება რჩება საყურადღებო.

თენგიზ წულაძემ, ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნის გამოქვეყნებისას განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა მედიკამენტოზული მკურნალობის გარდა ჩაერთოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია, რაც მისი თქმით, „საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია“. თუმცა, არა შეუძლებელი და უნდა იყოს ნაცადი. მისი თქმით, თუ არ ჩატარდა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, შესაძლოა გაღრმავდეს დეპრესიაც და პოსტტრავმული სტრესული აშლილობაც. მისი თქმით, დეპრესია ზრდის სხვადასხვა ავადობას ასევე სუიციდალურ ფიქრებსაც. თუმცა შესაძლოა ის არც გაღრმავდეს.

მისი სიტყვებით ჩამოთვლილი მკურნალობა შესაძლებელია საქართველოშიც ჩატარდეს და შესაბამისად საზღვარგარეთ მკურნალობის საკითხი არ განუხილავთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button