მნიშვნელოვანისიახლეები

იმის მიუხედავად, რომ ლარი გამყარდა, ასევე საწვავის ფასები პლაცზე არის დაკლებული

იმის მიუხედავად, რომ ლარი გამყარდა, ასევე საწვავის ფასები პლაცზე არის დაკლებული, ჯერ კიდევ გვაქვს განცდა, რომ საწვავის ფასებმა შესაბამისად არ ჰპოვა ასახვა და არ მოხდა საწვავის ფასების პროპორციულად დაკლება, ამიტომ საჭიროა გავააქტიუროთ მუშაობა საწვავის იმპორტიორებთან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, მისივე განცხადებით, იმპორტიორებისგან აქვს პირობა, რომ აგვისტოს ბოლომდე საწვავის ფასი 20-30 თეთრით დაიკლებს, ამის შესახებ მან 15 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით, არის განცდა, რომ საწვავის ფასის კლების პოტენციალი არსებობს, რისთვისაც მან კონკურენციის სააგენტოს მიმართა, ფასთან დაკავშირებით „იმპორტიორთა კეთილსინდისიერების“ შესასწავლად.
„ჩემი დავალებით ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები შეხვდნენ საწვავის იმპორტიორებს. მათ რამდენიმე შეხვედრა გამართეს. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით საწვავის ფასებს საქართველოში. მჭიდრო კოორდინაციაში ვართ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობასთან. მე დღეს დილით მქონდა საუბარი მათთან. იმის მიუხედავად, რომ ლარი გამყარდა, ასევე საწვავის ფასები პლაცზე არის დაკლებული, ჯერ კიდევ გვაქვს განცდა, რომ საწვავის ფასებმა შესაბამისად არ ჰპოვა ასახვა და არ მოხდა საწვავის ფასების პროპორციულად დაკლება, ამიტომ საჭიროა გავააქტიუროთ მუშაობა საწვავის იმპორტიორებთან. მე რეკომენდაციით მივმართე კონკურენციის სააგენტოს, რომ დაიწყონ მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება, რამდენად სწორად ხდება კონკურენციის პირობების დაცვა და ხომ არ არის რაიმე გადახრა, ხომ არ არის რაიმე კეთილსინდისიერების დარღვევა. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას, შეგვპირდნენ იმპორტიორები, რომ იმის მიუხედავად, რომ მათ ივლისშიც და აგვისტოშიც დააკლეს 10-10 თეთრით ფასი, კიდევ უფრო მეტით აპირებენ დაკლებას, ჯამში 20-30 თეთრით დააკლებენ ფასებს აგვისტოს ბოლომდე, მაგრამ უფრო მეტი გამჭვირვალობაა საჭირო. ჩვენს მოქალაქეებს უნდა მივაწოდოთ მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია – რა მარჯებით მუშაობენ, რამდენია მათი მოგება და ა.შ. მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაგალითად, ლარი იყოს სტაბილური. ბოლო პერიოდში ძალიან გამყარდა ეროვნული ვალუტა. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით მოვუწოდებთ იმპორტიორებს, რომ უფრო მეტი კოორდინაცია იქონიონ მთავრობასთან და მეტი კომუნიკაცია ჩვენს ხალხთან. ამ საკითხს მე პირადად, ჩვენს ეკონომიკურ გუნდთან ერთად დავაკვირდები და მოგვიანებით დამატებით ინფორმაციას მივაწვდი ჩვენს ხალხს“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან გასულ კვირას საწვავის ფასი დაახლოებით 10 თეთრით შემცირდა, მოლოდინი გვაქვს, რომ აგვისტოს ბოლომდე კიდევ მოხდება საწვავის ფასის კორექტირება შემცირების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საწვავის ფასის კორექტირება დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ნავთობის ფასებზეც, რომელიც ხუციშვილის თქმით, შემცირების ტენდენციით ხასიათდება.

„საწვავის ფასებთან დაკავშირებით ჩვენ სექტორთან გვქონდა შეხვედრა. განვიხილეთ ის ტენდენციები, რაც არსებობს საერთაშორისო ბაზარზე. იცით, რომ გასულ კვირას, ფასის შემცირების მიმართულებით მოხდა დაახლოებით 10-თეთრიანი კორექტირება. მოლოდინი არის, რომ აგვისტოს ბოლომდე კიდევ მოხდება აღნიშნული კორექტირება. ბუნებრივია, ეს დამოკიდებულია ნავთობის საერთაშორისო ფასებზე, რომელიც შემცირების ტენდენციით ხასიათდება, 90-95 დოლარის ფარგლებში მერყეობს გასული კვირების განმავლობაში. ბუნებრივია, ამ ტენდენციას ეყრდნობა ის ვარაუდები, მოლოდინები, რაც საწვავის ფასთან დაკავშირებით გვაქვს – ის, რომ აგვისტოს ბოლომდე შესაძლებელია, კიდევ მოხდეს ფასის კორექტირება შემცირების მიმართულებით“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

საქართველოში მოქმედ არაბრენდირებულ და ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე სხვადასხვა ხარისხის ბენზინის ფასი 3,19-დან 4,29 ლარამდე მერყეობს, დიზელი კი 4,44-დან 4,78 ლარამდე ღირს.

მსგავსი პოსტები

Back to top button