მნიშვნელოვანისიახლეები

ლაგოდეხის ნაკრძალში მოზარდის დახრჩობის საქმეზე გურჯაანის სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქართველოს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის ლაგოდეხის ნაკრძალში დახრჩობის საქმეზე გურჯაანის სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქართველოს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. საგამოძიებო უწყება მოითხოვს, მასწავლებლებს, რომელთა გულგრილობითაც სკოლის მოსწავლე დაიღუპა, სასჯელი გაუმკაცრდეთ

პროკურატურის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.

მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა განაცხადა რომ 16 წლის სოფი ნინოსხევის ჩანჩქერში მასწავლებლის გულგრილობის შედეგად დაიხრჩო, თუმცა მის დამრიგებელს მხოლოდ პირობითი სასჯელი შეუფარდა, სპორტის მასწავლებელი კი უდანაშაულოდ ცნო.

“გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის 26 მაისს, სასკოლო ექსკურსიაზე, გულგრილობის შედეგად, ლაგოდეხის ნაკრძალში “ნინოსხევის ჩანჩქერზე” 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებული ნ.ს. დამნაშავედ იქნა ცნობილი 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად. რაც შეეხება მეორე ბრალდებულ ვ.ქ.-ს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ იგი წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, არასახელმწიფო საერო სკოლა ,,ალბიონის” XI2 კლასის მოსწავლეები, აღმზრდელ ნ.ს.-ის ხელმძღვანელობით და სხვა პედაგოგების შემადგენლობით, საერო სკოლა ,,ალბიონის” კუთვნილი მიკროავტობუსით გაემართნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ დასათვალიერებლად.

დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, მიუხედავად იმისა, რომ ნ.ს.-სთვის, როგორც ექსკურსიის ხელმძღვანელისთვის და სკოლა ,,ალბიონის” სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირისთვის, ცნობილი გახდა მეტეოროლოგიური პირობების გამო საექსკურსიო მარშრუტის სირთულის შესახებ, გამოიჩინა დაუდევრობა და არაჯეროვნად შეაფასა არსებული ვითარება.”

პროკურატურა წერს, რომ კლასის ადგილზე ჩასვლისას, მიუხედავად იმისა, რომ ნ.ს.-სთვის, როგორც ექსკურსიის ხელმძღვანელისთვის და სკოლა ,,ალბიონი”-ს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირისთვის, ცნობილი გახდა მეტეოროლოგიური პირობების გამო საექსკურსიო მარშრუტის სირთულის შესახებ, გამოიჩინა დაუდევრობა და არაჯეროვნად შეაფასა არსებული ვითარება.

“პედაგოგებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მოსწავლე სოფიო ნიკოლეიშვილი აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერში შესვლას. მიუხედავად ამისა, ნ.ს. მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, გამოიჩინა გულგრილობა და მოსწავლეებს ნება დართო სვლა გაეგრძელებინათ ,,ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმართულებით, თავად კი ჩანჩქერზე არ ავიდა, ხოლო პედაგოგმა ვ.ქ.-მ ნაკრძალის რეინჯერის უშუალო გაფრთხილების მიუხედავად, რომ საფრთხე არსებობდა, იმ საფუძვლით, რომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და არაერთხელ იყო ნამყოფი, თავად აიღო პასუხისმგებლობა გაძღოლოდა მოსწავლეთა ჯგუფს და აეყვანა ჩანჩქერზე.

პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად, უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი შევიდა ჩანჩქერის სწრაფ დინებაში და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

2020 წლის 1 ივლისს, აღნიშნულ ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება წარედგინათ შ.პ.ს. არასახელმწიფო საერო სკოლა ,,ალბიონი”-ს პედაგოგებს ვ.ქ.-ს და ნ.ს.-ს,” – აღნიშნულია განცხადებაში.

გუშინ, 16 აგვისტოს, გურჯაანის სასამართლოს მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა დამნაშავედ ცნო 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის კლასის დამრიგებელი და გაამართლა მისი სპორტის მასწავლებელი. სასამართლომ სოფის დამრიგებელს თავისუფლების სამი წლით აღკვეთა მიუსაჯა და აღკვეთის ზომად პირობითი სასჯელი განსაზღვრა.

ორივე მათგანისთვის წარდგენილი ბრალი იყო გულგრილობა, რომელმაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თბილისის კერძო სკოლა “ალბიონის” მოსწავლე, 16 წლის სოფი, 2019 წლის მაისში კლასელებთან და მასწავლებლებთან ერთად იყო წასული ლაგოდეხის ნაკრძალში. ის ნინოსხევის ჩანჩქერთან წყლის დინებამ ჩაითრია და ასფიქსიით გარდაცვლილი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს მაშველებმა. დაღუპულის ოჯახი ამტკიცებდა, რომ მოზარდი უმეთვალყურეოდ იყო არა მხოლოდ მაშინ, როცა წყალში შევიდა და შველას ითხოვდა, მაშინაც, როცა ჩანჩქერზე ადიოდა.

სასამართლომ დაკითხა თვითმხილველები, რომლებმაც დაადასტურეს, როცა წყალში საბანაოდ შესული სოფი ნიკოლეიშვილი შველას ითხოვდა, მას იქ მყოფი სპორტის მასწავლებელი არ დახმარებია, დამრიგებელი კი საერთოდ არ იმყოფებოდა უბედური შემთხვევის ადგილზე – რამდენიმე მოსწავლესთან ერთად ის შედარებით ქვემოთ დარჩა ხეობაში და ჩანჩქერთან არ ასულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button