ლიდერებმა ცესკოსთან შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდეს

“წავიდეთ, დავისვენოთ და ხვალ რუსთაველზე, 18:00 საათზე, ვაჩვენოთ რომ ამათი არავის ეშინია!”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ალეკო ელისაშვილმა აქციის მონაწილეებს ხვალ, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა.
„ყველას ვაჩვენეთ, რომ ვაჟკაცობაც გვაქვს და შეუპოვრობაც. ახლა უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო გვიყვარს და ჩვენ იმათგან განსხვავებით ვუფრთხილდებით იმათაც და ერთმანეთსაც. ყველა სველია აქ. ჩვენ ახლა რომ არ დავიშალოთ, ხვალ ვერცერთი ვერ ვიქნებით საბრძოლოდ. მშვიდად, წყნარად, ორგანიზებულად, როგორც ქართველებს, მებრძოლებს შეგვეფერება, წავიდეთ, დავისვენოთ და ხვალ რუსთაველზე, 18:00 საათზე ისევ ვაჩვენოთ, რომ ამათი არ ეშინიათ. ჩვენ ვართ მართლები, ჩვენ გავიმარჯვებთ“,- განაცხადა ელისაშვილმა.
მიუხედავად მოწოდებისა, აქციის მონაწილეები ჯერ ისევ რჩებიან ცესკოსთან.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს და ბოიკოტს უცხადებს. პროტესტის ნიშნად აქცია 8 ნოემბერს, 15:00სთ-ზე დაიწყო, სადაც ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილს მოთხოვნები წაუყენა. ერთ-ერთი მათგანი ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომა და ხელახალი არჩევნები იყო. დათქმულ დროს, მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ დაიძრნენ, რისკენაც მათ ლიდერებმა მოუწოდეს. ადგილზე მისული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კი, გაფრთხილების გარეშე, წყლის ჭავლის გამოყენება მოხდა. ცესკოსთან მყოფი პირების ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ცრემლსადენი გაზის გამოყენებასაც.