მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

მაღაროს ცვლის დაჭრილი უფროსი და ნაცემი პოლიციის უფროსი

დაჭრით დასრულდა ურთიერთშელაპარაკება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევისაში, სადაც ჯორჯიან მანგანეზის ახალი მაღაროს მშენებლობა მიმდინარეობს. შელაპარაკება ცვლის უფროსსა და მუშას შორის მოხდა. ცვლის უფროსს 4 ჭრილობა მუცლის, ფეხისა და ხერხემლის არეში დანით აქვს მიყენებული, ის კლინიკაშია გადაყვანილი.

მოგვიანებით, ინციდენტი საჩხერის რაიონულ პოლიციაში გაგრძელდა, სადაც დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჯორჯიან მანგანეზის მუშას ჯერ პოლიციელები გაუსწორდნენ, შემდეგ კი, ის პოლიციის განყოფილების უფროსს დაესხა თავს. ადგილობრივი პროფკავშირების ინფორმაციით, თანამშრომლის უკმაყოფილება უმუშევრად დარჩენის საფრთხეს უკავშირდება. ცნობილია, რომ მაღაროელებმა, თავის დროზე, სოფელ შუქრუთის დაზარალებულ მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადეს და მაღაროში მუშაობაზე უარი განაცხადეს. ამის გამო, კომპანია მათ ხელფასის მხოლოდ 30%-ს უხდის.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საჩხერის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ბ.გ., პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 15 მაისს ბ.გ-მ ურთიერთშელაპარაკებისას, მის თანამშრომელს – 1987 წელს დაბადებულ ხ.ც.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია. ხ.ც.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი, – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

იმავე დღეს, საგამოძიებო ღონისძიების მიმდინარეობისას, ბ.გ.-მ საჩხერის პოლიციის რაიონული სამმართველოს შენობაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საჩხერის პოლიციის თანამშრომელს.

გამოძიება ბ.გ.-ს მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით – 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმას და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button