მსოფლიოსაქართველოსიახლეები

“ნაბიჯი სწორი მიმართულებით”

“მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, გამოეყენებინა საკონსტიტუციო უფლებამოსილება ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვისა და თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესისთვის უფრო ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად”. – ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორები ავრცელებენ.

მათი მოსაზრებით, აღნიშნული გადაწყვეტილება რვა მარტის შეთანხმების შესრულებაში მნიშვნელოვანი ნაწილია. დიპლომატები მხარეებს ახლა ამ შეთანხმების სრულად შესრულებისკენ, – საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საარჩევნო რეფორმის გატარებისკენ მოუწოდებენ.

“მტკიცედ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად განახორციელონ შეთანხმება მისი შინაარსის და სულისკვეთების დაცვით და საკუთარი როლი შეასრულონ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის წარმატებით მიღებაში, შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. კვლავ ყურადღებით დავაკვირდებით რვა მარტის შეთანხმების ყველა ასპექტთან დაკავშირებულ სამომავლო წინსვლას”. – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ევროპარლამენტარები მარინა კალიურანდი და ანა ფოტიგა “ტვიტერის” საკუთარ გვერდებზე გამოეხმაურნენ.

“მივესალმები უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებას, როგორც დაძაბულობის განმუხტვისკენ გადადგმულ კეთილსინდისიერ ნაბიჯს.” – წერს კალიურანდი.

“მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური პატიმრების – გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ პროგრესს.

ველოდები, რომ 2020 წლის არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდება”. – წერს ფოტიგა.

ოპოზიციური ლიდერების გათავისუფლებას “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე მალევე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი, რომელმაც ეს გადაწყვეტილება სწორ ნაბიჯად შეაფასა.

“მოვლენების მნიშვნელოვანი განვითარება საქართველოში. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციის ორი ლიდერი, გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ნაბიჯი სწორი მიმართულებით. ვულოცავ პრეზიდენტ ზურაბიშვილს.” – წერს ანდრიუს კუბილიუსი.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების აქტი 15 მაისს გამოსცა. ოპოზიციის ლიდერებმა საპყრობილე შეწყალებიდან რამდენიმე საათში დატოვეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button