მნიშვნელოვანისიახლეები

,,მათი ცრუ ბრალდებები საზმაუ-ს მიმართ მედიაორგანიზაციის იმიჯის და ნდობის აზიანებს,,- საზმაუ თანამშრომლების ნაწილზე

საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ირწმუნება, რომ მეოთხე თვეა, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების პარალელურად, სხვადასხვა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფის მიერ მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია ხორციელდება.

განცხადებაში პირველი არხი აღნიშნავს, რომ იმ თანამშრომლების განცხადებები, რომლებიც უერთდებიან მაუწყებლის წინ მიმდინარე პროტესტს, “იწვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ცრუ ბრალდებების ტირაჟირებას და მედიაორგანიზაციის იმიჯის, ნდობის დაზიანებას, რაც ვერ დარჩება რეაგირების გარეშე”.

საზოგადოებრივ მაუწყებელში ასევე ამტკიცებენ, რომ სამეურვეო საბჭო სამუშაო შეხვედრაზე გაეცნო იურიდიული სამსახურის მიერ წარმოებულ მოკვლევის შედეგებს, სადაც არ გამოიკვეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების ფაქტობრივი გარემოებები და საფუძვლები, ხოლო სამეურვეო საბჭოს წევრთა მიერ გამოთქმულ შეფასებებს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობასთან დაკავშირებით ვრცელდება რეპუტაციის შემლახველი და იმიჯის დამაზიანებელი საჯარო განცხადებები, რომლებიც არ ეფუძნება ფაქტებს, შეიცავს მცდარ ინფორმაციას და არასწორ წარმოდგენებს ქმნის საზოგადოებაში.

ამ ხნის განმავლობაში მაუწყებლის თანამშრომლები ასრულებენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას სხვადასხვა ფორმით გამოხატული ზეწოლის, თავდასხმებისა და შეურაცხყოფის ფონზე, რასაც პასუხობენ მხოლოდ თმენით და მაღალი პროფესიონალიზმით. საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ თანამშრომლების (საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები – GPB Guardians) მცირე ნაწილის მხრიდან, რომლებიც უერთდებიან მაუწყებლის წინ მიმდინარე პროტესტს, არაერთხელ დაირღვა შრომითი ხელშეკრულების პირობები, ასევე მაუწყებლის შრომის შინაგანაწესი (რომელიც ხელშეკრულების ნაწილია).

მათ მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებები იწვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ცრუ ბრალდებების ტირაჟირებას და მედიაორგანიზაციის იმიჯის, ნდობის დაზიანებას, რაც ვერ დარჩება რეაგირების გარეშე. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი და ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, ყველა გადაწყვეტილება მიიღება ორგანიზაციის არსის, მისი მისიის და მიზნების, მასში დასაქმებული ადამიანების უფლებების და ინტერესების, კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვით.

კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზაციაში არსებობს ორი ხელმძღვანელი ორგანო – სამეურვეო საბჭო და გენერალური დირექტორი (მასთან არსებული დირექტორთა საბჭო). სამეურვეო საბჭო სამუშაო შეხვედრაზე გაეცნო იურიდიული სამსახურის მიერ წარმოებულ მოკვლევის შედეგებს, სადაც არ გამოიკვეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების ფაქტობრივი გარემოებები და საფუძვლები, ხოლო სამეურვეო საბჭოს წევრთა მიერ გამოთქმულ შეფასებებს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი.

რაც შეეხება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, ის იქნება მიღებული მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ, გარედან ჩართული სხვა სტრუქტურების გარეშე, საქართველოს შრომის კანონმდებლობით და საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა რეგულაციებით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად, რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო მედიასტანდარტებთან”- ნათქვამია განცხადებაში.

22 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა დაასრულა მსჯელობა ჟურნალისტების ვასილ ივანონ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის განცხადებებზე და მიიჩნიეს, რომ ამით “პროკურატურა უნდა დაინტერესდეს”.

ამ განცხადებამდე სამი დღით ადრე, 21 მარტს, ტელევიზიის ახალ შენობაში შეიკრიბა სამეურვეო საბჭოს წევრთა უმრავლესობა ისე, რომ განსხვავებული აზრის მქონე არცერთი მეურვე არ დასწრებია სხდომას. შეკრებილებმა არხის თანამშრომლების, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის შესახებ იმსჯელეს.

ვასილ მაღლაფერიძემ, გრიგოლ (გია) მურღულიამ, გიორგი კოხრეიძემ, თამილა დოლიძემ, ბონდო მძინარაშვილმა, იზებელა ოსიპოვამ, გიორგი იაკობაშვილმა და სოსო სტურუამ პროკურატურის ჩართულობა და აღნიშნული ჟურნალისტების საქმის შესწავლა მოითხოვეს.

„სამეურვეო საბჭოს წევრთა მიერ გამოთქმულ შეფასებებს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი“, – წერია პირველი არხის მენეჯმენტის განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ „მეოთხე თვეა […] საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ აქტიურად ხორციელდება მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია“. “მედიის ადვოკატირების კოალიცია”, რომელიც მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს,„მკაცრად გმობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების დევნას არხის სამეურვეო საბჭოს წევრების მიერ“.

თანამშრომლები, რომელთა წინააღმდეგაც სამეურვეო საბჭომ პროკურატურისთვის მიმართვა მოითხოვა, მენეჯმენტმა კი ხელშეკრულებების გადახედვა დააანონსა, განსაკუთრებით აქტიურობენ საქართველოში დაწყებული პროევროპული აქციების შემდეგ – ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის მუშაობასთან დაკავშირებით. არხს ხელისუფლების მიმართ მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკაში ადანაშაულებენ ის ადამიანებიც, რომლებიც ყოველდღიურად იკრიბებიან ტელევიზიის შენობასთან.

უწყვეტი პროევროპული აქციები საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ იმართება. ამ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს – მრავალრიცხოვანი დემონსტრაციები სწორედ ამან გამოიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button