მნიშვნელოვანისიახლეები

მელიას თანაგუნდელებმა “სამარცხვინო” საქციელი და “არაკაცობა” უკვე უწოდეს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის განცხადებას

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ნიკა მელია “არ წარმოადგენს პარტიას”. ახლა მთავარი კითხვაა, დატოვა თუ დაატოვებინეს პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ თავმჯდომარეს.

ნიკა მელიას თანაგუნდელებმა “სამარცხვინო” საქციელი და “არაკაცობა” უკვე უწოდეს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას,. კერძოდ, ხაბეიშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ მისი წინამორბედი “არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით”.
ლევან ხაბეიშვილის ამ კომენტარის შემდეგ, პარტიის სახელით განცხადებაც გავრცელდა. იგი იმეორებს ხაბეიშვილის სიტყვებს, თუმცა დამატებით აღნიშნულია ისიც, რომ “ეს საკითხი დახურულია და პარტია არ აპირებს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას”.
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივითა და ავტორობით, გამოაქვეყნა პარტიის ერთობის მანიფესტი, რომელიც პარტიის ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს.

მიუხედავად ჩვენი მრავალთვიანი მცდელობისა, რომ ყოფილი თავმჯდომარე დაბრუნებოდა პარტიას, ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანების კამპანიას და საჯაროდ, თავად აცხადებს, რომ ის „არ არის ნაციონალურ მოძრაობაში“. ფაქტია – ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, – წერია განცხადებაში.

ნიკა მელიას “ნაციონალური მოძრაობის” დატოვებაზე განცხადება არ გაუკეთებია. არც პარტიის განცხადებაში არ არის ნათქვამი, რომ ის გარიცხეს.
დამატებით, რადიო თავისუფლება ესაუბრა “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, დეპუტატ ანა წითლიძეს. მისი სიტყვებით, “მელიამ დიდი ხანია თავისივე განცხადებებით გაირიცხა თავი “ნაციონალური მოძრაობიდან”.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრობა ხომ არ არის იურიდიული დოკუმენტი, რაც ქაღალდზე წერია… პარტიის მანდატზე ხომ არ არის ყველაფერი?! მე წევრი რომ გავხდი, საერთოდ არ მქონია მანდატი… ჩვენ წესდებაში გვიწერია, რომ ადამიანი, რომელიც სისტემატურად ლანძღავს პარტიას, არ შეიძლება წარმოადგენდეს მას. თავისი პოზიციონირებით ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტიას”, – ამბობს ანა წითლიძე.

ნიკა მელიას მსგავსად, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს აკრიტიკებენ მისი თანამოაზრეებიც – კობა ნაყოფია, ნუგზარ წიკლაური, ბაჩო დოლიძე და სხვები. ანა წითლიძეს ვკითხეთ, რას ფიქრობენ პარტიაში ნიკა მელიას თანამოაზრეებზე და მოიაზრებენ თუ არა მათ თანაპარტიელებად?

“ვუტოვებთ სხვა ყველა ადამიანს შანსს, რომ გააცნობიერონ ერთობის ფასი და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება”, – ამბობს წითლიძე.

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ ნიკა მელიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ბარამიძის თქმით, უმეტესობამ ხაბეიშვილის განცხადება აღიქვა, “როგორც მელიას გარიცხვის გადაწყვეტილება, თუმცა ასე პირდაპირ ეს არ თქმულა”.

ბარამიძის თქმით, “კატეგორიულად არ მოსწონს მელიას მიერ პარტიის ლანძღვის კამპანია”, თუმცა ამავდროულად აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობიდან ნიკა მელიას გარიცხვის წინააღმდეგი იყო და არის”. ბარამიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავმჯდომარეს წევრის გარიცხვის უფლებამოსილება აქვს, “არ იზიარებს ასეთი ნაბიჯის პოლიტიკურ მიზანშეწონილობას”.

“ზოგადად ცივილიზირებული პარტიული დემოკრატიისთვის და ენმ-სთვისაც აზრთა სხვადასხვაობა უცხო არაა, ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა თავმჯდომარის ან მთლიანად პარტიის გადაწყვეტილებებს (მაგალითად პარლამენტში შესვლაზე) არ ვიზიარებდი, მაგრამ ცხადია უმრავლესობის აზრს ყოველთვის პატივს ვცემდი.

ახლაც ასეა ზუსტად და ამას საჯაროდ ვამბობ.

მე ვიყავი და ვიქნები მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი და ვაპირებ მასთან ერთად ბრძოლას. ენმ არის მიშას გუნდი. ამავდროულად ენმ-ს ყავს ლეგიტიმურად არჩეული თავმჯდომარე, პოლიტიკური საბჭო, გენერალური მდივანი და სამდივნო.

თუ ჩემი ამ საკითხში პარტიის თავმჯდომარესთან შეუთანხმებლობა, ჩემს ენმ პოლიტიკურ მდივნობასთან შეუთავსებლად ჩაითვლება მზად ვარ თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს ჩემი ამ თანამდებობიდან წასვლაზე მივმართო, ცხადია ესეც წესდებით მათი უფლებამოსილებაა რომ გადაწყვიტონ.

თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მე მას მშვიდად მივიღებ. მეტიც, თუ საჭირო გახდა პოლიტიკურ საბჭოსაც დავტოვებ და ვიქნები ენმ რიგითი წევრი და სანამ ენმ-ს ლიდერი მიშა იქნება, მე ვიქნები მიშას გვერდით, მიშას გუნდში. ენმ და მიშას გუნდის რიგითი მებრძოლის სტატუსიც ძალიან საპატიოდ მიმაჩნია.

მე მჯერა ენმ-ში ბევრი ძველი მებრძოლი დაბრუნდება და ახლებიც დაგვემატებიან. მჯერა მთავარი მიზანი არ დაგვავიწყდება და ფოკუსი არ აგვერევა.

მიშასთან ერთად და მიშას ლიდერობით, საქართველო მოღალატეთა რეჟიმისგან უნდა ერთად გავათავისუფლოთ. ესაა მთავარი და ამ ბრძოლაში რიგითად ბრძოლაც საპატიოა. მე მჯერა ჩვენი გამარჯვების.

საქართველოში უნდა გათენდეს! თავისუფლება მიშას! დიდება საქართველოს!”, – წერს გიორგი ბარამიძე

დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობაში” დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჩატარებულიყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. იმ დროისათვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წინადადებას დასთანხმდა და არჩევნებში დამარცხდა.
ნიკა მელია ღიად ლაპარაკობდა არაფორმალურ მმართველობაზე “ნაციონალურ მოძრაობაში”, თუმცა, ამის მიუხედავად, პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას არ იღებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button