მერკელმა იუდაიზმის წინაშე დამსახურებისთვის პრემია მიიღო
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა აბრაჰამ გეიგერის სახელობის პრემია – იუდაიზმის წინაშე დამსახურებისთვის საპატიო ჯილდო მიიღო, – გადმოსცემს Deutsche Welle.
“იგი თანამედროვე საზოგადოებაში რელიგიის თავისუფლების გარანტია. ევროპასა და გერმანიაში ანტისემიტიზმის ზრდის დროს მისი ურყევი სოლიდარობა ებრაული თემისადმი ნდობის საფუძველს წარმოადგენს”, – განაცხადეს ჟიურის წევრებმა.
მერკელმა საპასუხო გამოსვლაში განაცხადა, რომ გერმანიაში ებრაული თემის პრობლემებს სერიოზულად ეპყრობა. მისი თქმით, ეს ლტოლვილებთან დაკავშირებულ საკითხსაც ეხება. მათ გერმანიაში თავშესაფრის მიღება შეუძლიათ, მაგრამ გერმანიის კონსტიტუციას პავივი უნდა სცენ, რომელიც დისკრიმინაციას რელიგიური ნიშნით კრძალავს, მათ შორის ანტისემიტიზმის ყოველგვარ გამოვლინებას.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, გეიგერის სახელობის პრემია 2000 წელს დაარსდა. იგი იუდაიზმის წინაშე დამსახურებისთვისა და პლურალისტურ საზოგადოებაში წვლილის შეტანისთვის გადაეცემა. პრემიის რაოდენობა 10 ათას ევროს შეადგენს. მერკელმა განაცხადა, რომ ამ თანხას ერნსტ ლუდვიგ ერლიჰის საზოგადოებას გადასცემს, რათა რელიგიათაშორის დიალოგს ხელი შეუწყოს.