ანალიტიკამნიშვნელოვანი

მიხეილ სააკაშვილი 54-ე დაბადების დღეს პატიმრობაში ხვდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავის 54-ე იუბილეს გორის სამხედრო ჰოსპირტალში, პატიმრობაში ხვდება.

სააკაშვილი 1967 წლის 21 დეკემბერს, თბილისში დაიბადა.

სწავლობდა ჯერ თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში, ხოლო შემდეგ თბილისის 51-ე საშუალო სკოლაში, რომელიც 1984 წელს ოქროს მედლით დაამთავრა.

1992 წელს, წარჩინებით დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. მოგვიანებით, ედმუნდ მასკის პროგრამით ჩაირიცხა ნიუ-იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც 1995 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი სამართლის განხრით. ყოფილი საბჭოთა კავშირიდან იგი პირველი მოქალაქე გახდა, რომელმაც 1995 წელს მიიღო საპატიო დიპლომი ადამიანის უფლებების შედარებით სამართალში, სტრასბურგის ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტში.

იმავე წელს მიიღო საპატიო დიპლომი ადამიანის უფლებების შედარებით სამართალში, სტრასბურგის ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტში.

1995-1996 წლებში სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის ეროვნული ცენტრის დოქტორანტურაში.1995 წელს იგი მიიღეს ნიუ იორკის ადვოკატურაში და თითქმის ერთი წლის განმავლობაში ეუფლებოდა ბიზნეს სამართალს.

არის პროფესიით იურისტი, პოლიტიკოსი, 1995-1999 და 1999-2002 წლებში იყო საქართველოს მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ მანდატით, 2000-2001 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ხოლო 2004 წლის 25 იანვრიდან 2007 წლის 25 ნოემბრამდე და 2008 წლის 20 იანვრიდან –2013 წლის 17 ნოემბრამდე საქართველოს მე-3 პრეზიდენტი.

2001 წლის ოქტომბერში, მიხეილ სააკაშვილმა ედუარდ შევარდნაძის მთავრობაში იუსტიციის მინისტრის თანამდებობა დატოვა და დააფუძნა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

„ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანდა ბლოკში რესპუბლიკურ პარტიასთან და კონსერვატულ პარტიასთან ლოზუნგით „თბილისი შევარდნაძის გარეშე“. 2002 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ბლოკმა გამარჯვება გაიყო ლეიბორისტულ პარტიასთან ერთად. პარტიებს შორის შეთანხმების შედეგად მიხეილ სააკაშვილი გახდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.

მიხეილ სააკაშვილი, როგორც ოპოზიციის ლიდერი იყო 2003 წლის საქართველოს ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი წინამძღოლი.

2003 წლის ნოემბერში საქართველოში მშვიდობიანი სახალხო გამოსვლების სერიას-“ვარდების რევოლუციას” მოჰყვა 23 ნოემბერს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება, რის შემდეგაც 2004 წლის 4 იანვარს ჩატარებულ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში, სააკაშვილმა ხმათა 96,27% მიიღო და 25 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ, გახდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტი.

სააკაშვილი  იყო ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო მეთაური ევროპაში (პრეზიდენტის მოვალეობას შეუდგა 36 წლის ასაკში).

ამ პოსტს პირველი ვადით 2007 წლის 25 ნოემბერამდე იკავებდა, ხოლო მეორე ვადით 2008 წლის 20 იანვარიდან, 2013 წლის 17 ნოემბერის ჩათვლით.

ისტორიკოსი სტივენ ჯონსი სააკაშვილს ახასიათებს, როგორც ნაციონალისტს, რომელიც მხარს უჭერდა როგორც პარტიკულარისტულ, ასევე სამოქალაქო ნაციონალიზმს.

სააკაშვილის რეიტინგის დაცემა 2007 წლიდან შემოდგომიდან დაიწყო.

ოქტომბერში ჩატარდა რამდენიმე საპროტესტო დემონსტრაცია, რასაც მოჰყვა 2-7 ნოემბრის აქციები, რომლის ორგანიზატორები ერთიანი ოპოზიცია და ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი იყვნენ. საპროტესტო აქციები 7 ნოემბერს პოლიციის მიერ მომიტინგეთა დარბევით და ოპოზიციური ტელევიზიებში პოლიციის შეჭრით დასრულდა. სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მოვლენების ამგვარ გადაწყვეტას საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. Human Rights Watch აკრიტიკებდა საქართველოს მთავრობას მომიტინგეთა მიმართ „ჭარბი“ ძალის გამოყენების გამო, ხოლო International Crisis Group საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმის შესახებ აფრთხილებდა.

2007 წლის 25 ნოემბერს სააკაშვილი გადადგა, ხოლო რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა 2008 წლის 5 იანვარს. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ასევე დაინიშნა პლებისციტი, რომლითაც უნდა გადამწყდარიყო საპარლამენტო არჩევნების თარიღი.

2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილმა მიიღო ხმათა 53,47% და მეორე და უკანასკნელი ვადით გახდა საქართველოს პრეზიდენტი. არჩევნები დადებითად შეაფასეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა, მაგრამ მისმა შედეგებმა გამოიწვია პროტესტი, რაც 6, 13 და 20 იანვრის საპროტესტო აქციებში გამოიხატა. სააკაშვილის პარტიამ, ნაციონალურმა მოძრაობამ, ხმათა 59%-ით მოიგო იმავე წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. არჩევნებში მეხუთე ადგილზე გასულმა კანდიდატმა დავით გამყრელიძემ, რომელმაც 4,02% მიიღო განაცხადა: „არჩევნების შედეგი არის ის, რომ პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა ვერავინ. მხოლოდ მეორე ტურმა უნდა გამოავლინოს საქართველოს პრეზიდენტი“.

ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ლევან გაჩეჩილაძე არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდა. მისი შტაბის წევრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, სააკაშვილის სასარგებლოდ გაყალბდა დაახლოებით 110 000 ხმა (მთლიანი ხმების 6%). 6 იანვარს დავით გამყრელიძემ აღიარა საკუთარი დამარცხება და მოუწოდა ცესკოს, გამართულიყო მეორე ტური გაჩეჩილაძესა და სააკაშვილს შორის.მოთხოვნას შეუერთდნენ კანდიდატიები – გია მაისაშვილი და ბადრი პატარკაციშვილი. ლეიბორისტმა შალვა ნათელაშვილმა კი მოითხოვა არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. მიუხედავად ასეთი საშინაო შეფასებებისა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა საარჩევნო პროცესი სამართლიანად და დემოკრატიულად მიიჩნიეს. მათი განცხადებით არჩევნები გამოხატავდა ხალხის თავისუფალ არჩევანს.

სააკაშვილი განსაკუთრებით გააკრიტიკეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. მას ბრალად სდებენ რუსეთის მიერ დაგეგმილ პროვოკაციაში საქართველო ჩაბმას, ასევე სამხედრო ოპერაციების არაეფექტურად წარმართვას და ტერიტორიების “ჩაბარებას”.

სააკაშვილის მმართველობას უკავშირდება სანდრო გირგვლიანის საქმე. იგი უმოწყალოდ სცემეს  რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.

სააკაშვილის მმართველობას უკავშირდება ბიზნესმენ ვალერი გელაშვილზე თავდასხმისა და სასტიკად ცემის ფაქტი.

ეგრეთ წოდებული “კასრების საქმე” და ციხეში პატიმრების წამების საქმეები, “ფოტოგრაფების საქმე”.

მაშინდელი ოპოზიციის მტკიცებით, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხდებოდა ბიზნესის მიტაცება, ტერორი და რეკეტი.  ცენტრალურ მედიასაშუალებებს კი მთლიანად აკონტროლებდა სამთავრობო გუნდი.

2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის გუნდი პოლიტიკურ გაერთიანება “ქართულ ოცნებასთან” დამარცხდა, რომლის დამფუძნებელია მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი.

სააკაშვილის მთავრობამ, საერთაშორისო მისიების და დიპლომატიური კორპუსის წევრების აქტიური მხარდაჭერით, ძალაუფლება მშვიდობიანად გადააბარა მაშინდელ ოპოზიციას “ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველოს”.

მიხეილ სააკაშვილი, საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ, მან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლეტჩერის სახელობის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში დაიწყო ლექციების კითხვა.

2014 წლის 27 მარტს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილი მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა. საქმე მისი პრეზიდენტობის დროს მომხდარ რამდენიმე გახმაურებულ ფაქტს ეხებოდა. სააკაშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადდა. ამის შემდეგ, 28 ივლისს პროკურატურამ ექსპრეზიდენტი დაკითხვაზე კვლავ დაიბარა, თუმცა სააკაშვილი არც ამჯერად გამოცხადდა. ამავე დღეს, მთავარმა პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა გაგრძელდა უკრაინაში, სადაც გახდა უკრაინის მოქალაქე და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ 2015 წლის 13 თებერვლიდან უკრაინის რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა. 2015-2016 წლებში კი გალდათ ოდესის ოლქის გუბერნატორი.

ამის შემდეგ იგი უკრაინის ხელისუფლების ოპოზიციაში გადავიდა და შექმნა პარტია „ახალ ძალთა მოძრაობა“.

უკრაინაში ხელისუფლების ცვლილებისა და უკრაინის პრეზიდენტად ვლადიმერ ზელენსკის არჩევის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი 2020 წლის 7 მაისიდან არის უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი.

2021 წლის 1 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, დილას, 9 საათისთვის მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა ღამის ბათუმში გადაღებული ვიდეო და თქვა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. ხელისუფლება დღის ბოლომდე უარყოფდა სააკაშვილის საქართველოში ფარულად შემოსვლის ფაქტს და ამტკიცებდა, რომ ის არა ბათუმში, არამედ უკრაინის მთებში მდებარე კურორტ ტრუსკავეცში იმყოფებოდა.დღის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს და ის უკვე გადაყვანილია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ამავე ბრიფინგზე მან „ქართული ოცნების” ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს „ბიძინაობა”, წმინდა მოწამე ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე,​ მიულოცა. სააკაშვილის წინააღმდეგ წლების განმავლობაში წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებს დაემატა ახალი – საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდება.

დაკავების შემდეგ, სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო. ექსპერტთა თქმით, ეს იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და დრამატული შიმშილობა, რომელიც მან 2021 წლის 1 ოქტომბერს, რუსთავის N12 საპატიმრო დაწესებულებაში დაიწყო და 18 ნოემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეწყვიტა.

სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე დროებითი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება გამოგზავნა. სასამართლომ მთავრობას დაავალა, მიაწოდოს ინფორმაცია ევროპულ სასამართლოს მომჩივნის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის (ისევე, როგორც მისთვის ციხის საავადმყოფოში გაწერილი სამედიცინო მკურნალობის) შესახებ.
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ვიდეოჩანაწერების ფრაგმენტები, რომლებიც ასახავს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანში მდებარე მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. ვიდეოჩანაწერების გავრცელებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა. სახალხო დამცველმა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროს მოსთხოვეს, შეწყვიტოს ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება და დაიცვას ადამიანის პატივი, ღირსება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.

ევროპარლამენტარებმა გაავრცელეს წერილი, სადაც საუბარია სანქციების განხილვის აუცილებლობაზე იმ პირების მიმართ, ვინც მიხეილ სააკაშვილისადმი „არაადამიანური მოპყრობა” დაუშვა.

ამჟამად, სააკაშვილის საქმეზე რამდნიმე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. თავად კი გორის სამხერდრო ჰოსპიტალში პატიმრობის პირობებში მკურნალობს.

სააკაშვილის მხარდამჭერები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პერნამნტულად მართავენ აქციებს მისი გათავისუფლების მოთხოვნით.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button