“მიხეილ სააკაშვილი წარმოშობით, სულით ქართველია”
საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის განცხადებით, ის, რომ უკრაინის მოქალაქე საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში ერევა, ქართული მხარის ხედვაა. ელჩის თქმით, უკრაინული მხარის ხედვა კი ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ოფიციალური პირი უკრაინაში, არ წარმოადგენს ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას, არის ქართველი და საქართველო მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.
„როგორც მინისტრმა ზალკალიანმა აღნიშნა, განხილვის ერთ-ერთ საკითხი იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც საქართველოს ეხებოდა. უკრაინის ხედვაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ოფიციალური პირი უკრაინაში, ის არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, ის არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არის ქართველი წარმოშობით და სულით და ის არასდროს შეწყვეტს იყოს ქართველი. რა თქმა უნდა, საქართველო არის მისი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და არა მხოლოდ პოლიტიკური ცხოვრების.” – განაცხადა იგორ დოლგოვმა.
მან ამასთანავე აღნიშნა, რომ მსგავსი მაღალი დონის შეხვედრისას მინისტრთან და მინისტრის მოადგილესთან, დისკუსია მხოლოდ ერთი საკითხით არ შემოიფარგლება, რაოდენ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ეს საკითხი.
„უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არასდროს შეგვიზღუდავს ჩვენი დისკუსია ამ დონის შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრთან და მინისტრის მოადგილესთან მხოლოდ ერთი საკითხით, როგორი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის ერთი საკითხი. ამიტომ, ჩვენ განვიხილეთ ბევრი სხვა საკითხიც, რომელიც ეხებოდა კოვიდ-19-თან ბრძოლას, აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ მინისტერიალს, ასევე საკითხი, რომელიც ეხებოდა უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციას საქართველოდან და ორმხრივ დახმარებას.” – განაცხადა იგორ დოლგოვმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, მიიღო თუ არა მან სამინისტროსგან დღევანდელი მოწვევის ოფიციალური წერილი, ელჩმა განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან და მათ შეხვედრისა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის ოფიციალური წერილები არ სჭირდებათ.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო, უწყებაში საქართველოში უკრაინის ელჩი დღეს დაიბარა.
„არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას, ვემზადებით გამარჯვებისთვის.” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა. სააკაშვილის თქმით, წლევანდელ არჩევნებზე გადაწყდება, საქართველო დაიღუპება თუ გაიმარჯვებს.
სააკაშვილის ამ განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის განცხადება არის უკრაინის მოქალაქის პირდაპირი ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში.