მნიშვნელოვანი

“მიუღებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება”

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისთვის მიუღებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება.

პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

“მიუღებელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა!

ჩემთვის, როგორც ქალი პრეზიდენტისთვის, ასევე მიუღებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქალი ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას მიმართ მსგავსი მოპყრობა.

სახელმწიფოში, სადაც გამოცხადებული პრიორიტეტების მიხედვით უნდა ხდებოდეს ქალების როლის გაძლიერება, ქალ ხელმძღვანელს დეკრეტულ შვებულებაში ყოფნისას, წინასაახალწლო პერიოდში, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე უუქმებენ უწყებას.

მიუღებელია, უწყების ხელმძღვანელმა საკუთარი სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიიდან შეიტყოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ინიცირებული ცვლილების განხორციელება გამოიწვევს არა მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის ქალი ხელმძღვანელის, არამედ 100 -ზე მეტი ადამიანის სამსახურის გარეშე დატოვებას. მიმაჩნია, რომ არ არსებობს ამ ცვლილების დაჩქარებული წესით განხორციელების აუცილებლობა.

მაშინ, როდესაც ქვეყანა იმყოფება ასეთი მძიმე პოლარიზაციის პირობებში, ყველა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება საზოგადოებაში იწვევს ბუნდოვანებას და კითხვებს, რაც რეალურად დამაზიანებელია დეპოლარიზაციის პროცესისათვის!

მნიშვნელოვანია შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის პოვნა, რისთვისაც გთავაზობთ:

შეწყდეს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა და ყველას მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი არგუმენტები, ინსპექტორს კი, მიეცეს საშუალება პარლამენტს გააცნოს უკვე წარდგენილი ანგარიში საკუთარი საქმიანობის შესახებ და შემდეგ, ყოველივე ამის საფუძველზე, მიღებულ იქნას დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებაში მოხსნის კითხვებს!

ასევე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ უწყებაში დასაქმებული 114 -ვე თანამშრომლისთვის, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორისათვის სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად.” – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

საქართვეოს პარლამენტის ბიურომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებების დაჩქარებულად განხილვას მხარი დაუჭირა. დაჩქარებულ განხილვას მხარი მხოლოდ უმრავლესობის წევრებმა დაუჭირეს.

ფრაქცია ლელოს წევრის ანა ნაცვლიშვილის თქმით, პროექტის განხილვა დაჩქარებული წესით არ უნდა მოხდეს, რადგან პარლამენტი მის საფუძვლიან და დეტალურ განხილვას ვერ მოასწრებს.

“ვთქვათ მაშინ, რომ ეს ადამიანი არ მოგვწონს და ამიტომ უშვებთ სახლში, ამისთვის კი რეფორმას ატარებთ. პარლამენტმა აირჩია და 2 წლის წინ ნდობა გამოუცხადა ამ ადამიანს”, – თქვა ნაცვლივილმა.

შემდეგი ბიუროს სხდომა 29 დეკემბერს ჩატარდება.

25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

მას ორი უწყება ჩაანაცვლებს – სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც სამოხელეო დანაშაულებს გამოიძიებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ასევე, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ექნება.

ლონდა თოლორაიამ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ხელმძღვანელობს, ამის შესახებ მედიიდან გაიგო.

მისი შეფასებით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არის “მისი დასჯა დამოუკიდებლობის გამო”.

არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ოცნების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილი “თავდასხმის, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევის გამო” უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ.

გარდა ამისა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ღრმად შემაშფოთებელი უწოდა და ინიციატორებს მისი გაწვევისკენ მოუწოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button