“მიუხედავად სოციალური ფონისა, ქვეყანა იმყოფება ძალიან კარგ პირობებში”

“მიუხედავად სოციალური ფონისა ქვეყანა იმყოფება ძალიან კარგ პირობებში”, -ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

პრემიერი მთავრობის სხდომაზე ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესს გამოეხმაურა.

„2012 წლის შემდეგ ქართული ლარი გაუფასურებულია, დაახლოებით 60-დან 65 %-მდე ფარგლებში. ეს არ არის კარგი, თუმცა მე მინდა ვთქვა, რომ საქართველო თავისი ეკონომიკური განვითარების დინამიკით, მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და მიუხედავად იმ სოციალური ფონისა, რომელშიც ჩვენი მოსახლეობა ცხოვრობს, გამომდინარე ჩვენი ქვეყნის განვითარების დონიდან, იმყოფება ძალიან კარგ პირობებში იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ მომავალი, ძალიან მნიშვნელოვანი განვითარების გეგმებზე. ჩვენ გვჭირდება იმ მიმართულებებზე მეტი აქცენტების გაკეთება, რომლებსაც შეუძლია მეტი სავალუტო შემოსავლების გენერირება,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, პარლამენტმა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც ფისკალურ მდგრადობაზე, სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე და ზრდაზეა ორიენტირებული.

გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტს “მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული” უწოდა.

პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციის იმ განცხადებებზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც სამთავრობო ხარჯები 30%-ით უნდა შემცირდეს. კვირიკაშვილი გადასახადების ზრდასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკასაც გამოეხმაურა.

„მათემატიკურად ეს შესაძლებელია მაგრამ ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მიდგომა. ვაკეთებთ გადასახადების ზრდას იმ მიმართულებებზე, რომლებსაც ნაკლები გავლენა ექნება უარყოფითი, ეკონომიკურ ზრდაზე,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button