,,მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის მიუხედავად, არც ერთი სამართალდამცველი არ იქნა პასუხისგებაში მიცემული,,-ევროპის საბჭო

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ მემორანდუმი გამოაქვეყნა. მემორანდუმს წინ უძღოდა მაიკლ ოფლაჰერტის ვიზიტი საქართველოში 2025 წლის 21-23 იანვარს.
კომისარი აღნიშნავს, რომ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის სარწმუნო ცნობების მიუხედავად, არც ერთი სამართალდამცველი არ იქნა პასუხისგებაში მიცემული მაშინ, როდესაც პროტესტის მონაწილეების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.
კომისარი გამოთქვამს შეშფოთებას შეკრების შესახებ კანონში ბოლო ცვლილებების გამო, რომლებიც არასათანადო შეზღუდვებს უწესებს მომიტინგეებს, აფართოებს სამართალდამცავი უწყებების უფლებამოსილებებს და აწესებს უფრო მკაცრ ჯარიმებს.
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს შესახებ შემუშავებულ მემორანდუმში “გაუმართლებელს” უწოდებს მზია ამაღლობელის წინასწარ პატიმრობას და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
“ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები, რათა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლოს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და დაიცვას მისი სამართლიანი სასამართლოსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლებები”, – წერს კომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი ანგარიშში, რომელიც 26 მარტს გამოქვეყნდა და მიმოიხილავს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას საქართველოში.
ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც გაზეთ “ბათუმელების” და ონლაინგამოცემა “ნეტგაზეთის” დამფუძნებელია, 12 იანვრიდან პატიმრობაშია. მას პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
18 მარტის სხდომაზე მოსამართლემ ის წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
ევროსაბჭოს კომისარი ამაღლობელის წინასწარ პატიმრობას “გაუმართლებელს” უწოდებს. ამასთან, ის შეშფოთებას გამოთქვამს ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან მოხსნის გამო მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა სოლიდარობა გამოხატა მზია ამაღლობელის მიმართ.
ო’ფლაჰერტი აკრიტიკებს “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ კანონსაც, რომელიც ადგილობრივ მედიას შეუზღუდავს უცხოური დაფინანსების მიღებას.
“კომისარი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტები არა მხოლოდ სამიზნეში ჰყავდათ ამოღებული 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, არამედ სხვადასხვა სახის მზარდი რეპრესიების ქვეშ არიან”, – ვკითხულობთ მემორანდუმში.
მზია ამაღლობელის საქმე
მზია ამაღლობელი ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
მზია ამაღლობელის უსამართლო დაპატიმრებით, რეჟიმმა შეტყობინება გაუგზავნა ქალებს, რომ დაისჯება ყველა ქალი, ვინც არ შეეგუება, ამხელს და იბრძოლებს რუსული ანტიდემოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს 48-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
ენმ-ის ცნობით, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილი და ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი სევდია უგრეხელიძე, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესს ესწრებიან
“ქალზე ძალადობის, ჩაგვრის, დევნის, ერთ კლასიკურ გამოვლინებაზე მინდა გესაუბროთ საქართველოდან. ჟურნალისტი ქალი, მზია ამაღლობელი, რომელიც უკანონოდ დააკავა რეჟიმმა, მათ ამოძრავებთ პოლიტიკური მიზნები. მზია ამაღლობელის დაჩაგვრით, უსამართლო დაპატიმრებით, მათ გაუგზავნეს შეტყობინება დანარჩენ ქალებს, რომ რეჟიმი მათ მიმართაც იქნება სასტიკი და დაუნდობელი, რომ დაისჯება ყველა ქალი, ვინც არ შეეგუება, ამხელს და იბრძოლებს რუსული ანტიდემოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ .
ის 38 დღე შიმშილობდა საპატიმროში. მის წინააღმდეგ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, არ არსებობს დაზარალებული, თუ არ ჩავთვლით ფარატინა ფურცელს, რაზეც პოლიციელი წერს ტყუილს, რომ განიცადა ტკივილი. ამის პარალელურად კი – მთელი მსოფლიო ხედავს ძალადობის , წამების, არაადამიანური მოპყრობის უამრავ ფაქტს საქართველოში ახლა, მათ შორის ქალებზე, საპირწონედ არც ერთი მოძალადე, არც ერთი მწამებელი არ არის არათუ დასჯილი, არც დაბარებული საგამოძიებო უწყებაში. და ბოლოს, მინდა დავასრულო მარგარეტ ტეტჩერის სიტყვებით: „თუ ფიქრობთ, რომ ქალს ქვეყნის მართვა არ შეუძლია, მაშინ ძალიან ცოტა გესმით პოლიტიკის შესახებ“ – განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.