მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სომხეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყების შესახებ

სომხეთის პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს. კანონპროექტი 25 მარტს დამტკიცდა.

მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, კანონი გამოხატავს პოლიტიკურ ნებას. საპარლამენტო ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ სომხეთი უპერსპექტივო პროცესში შედის.

მედიის ცნობით, კანონპროექტს მხარი დაუჭირა 64-მა დეპუტატმა, 7-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.

პროექტის ინიციატორია სამოქალაქო ინიციატივა „დემოკრატიული ძალების პლატფორმა“, რომელმაც 2 თვის განმავლობაში შეძლო 60 ათასი ხელმოწერის შეგროვება (კანონით მოთხოვნილი 50 ათასი ხელმოწერის ნაცვლად). ეს ხელმოწერები საჭირო იყო პროექტის პარლამენტში წარსადგენად. 2024 წლის 9 იანვარს პროექტი მოიწონა სომხეთის მთავრობამ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი უნდა გაიმართოს.
ბოლო პერიოდია სომხეთმა, რომელიც მანამდე რუსეთის მოკავშირედ ითვლებოდა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობა გააძლიერა. 2025 წლის 14 იანვარს სომხეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად სომხეთს დასჭირდება ბევრი რეფორმის გატარება და თავისი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება.

სამხრეთ კავკასიაში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს, თუმცა, 2024 წლის ივნისში, ევროკავშირმა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და კანდიდატის ვალდებულებებისგან უკან დახევის გამო შეაჩერა ქვეყნის გაწევრების პროცესი და ხელისუფლებას ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისთვის საჭირო ნაბიჯებისკენ მოუწოდა. მათ შორის იყო ე.წ. აგენტების კანონის გაუქმება.

2024 წლის ნოემბერში „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ამ გადაწყვეტილების გამო საქართველოში დღემდე მიმდინარეობს საპროტესტო აქციები ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით. სომხეთის მთავრობამ 2025 წლის იანვარში შეათანხმა კანონპროექტი ევროკავშირში გაწევრების პროცესის დასაწყებად და პარლამენტს გაუგზავნა. პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით თებერვალში მიიღო.

რუსეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ სომხეთის ამ ნაბიჯს განიხილავენ ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გასვლის დაწყებად, რადგან ამ ორგანიზაციის წევრობა შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან.
სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ კანონპროექტი პირველი მოსმენით გასულ თვეში მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button