მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მოსკოვმა საწვავის ექსპორტი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც აკრძალა

რუსეთის მთავრობამ საწვავის ექსპორტი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც აკრძალა. ინფორმაციას Exo Kavkaza ავრცელებს.

რუსეთის მთავრობამ საავტომობილი ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი 21 სექტემბერს შეზღუდა და თავდაპირველად, ეს შეზღუდვა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს არ ეხებოდა, თუმცა, დოკუმენტში ცვლილებები შევიდა და მას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დაემატა.

აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს, რომ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, ქვეყნის ტერიტორიიდან ბენზინისა და დიზელის გატანის დროებით აკრძალვის შესახებ, მათზე გავლენას არ მოახდენს.

„ნავთობპროდუქტების ექსპორტის აკრძალვა იმ შემთხვევებზე არ ვრცელდება, როდესაც ექსპორტი ხორციელდება საერთაშორისო მთავრობათაშორისი შეთანხმებით. რეალურად აფხაზეთში ნავთობპროდუქტების ექსპორტი ემყარება აფხაზეთის და რუსეთის მთავრობებს შორის პროდუქტით ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას (2012 წლის 28 მაისის). ამგვარად, ნავთობპროდუქტების მიწოდება დაემყარება ადრე მიღწეულ შეთანხმებას”, – ნათქვამია დე ფაქტო სამინისტროს განცხადებაში.

კომპანია „აზიდმა” „აფსნიპრესს” შეატყობინა, რომ ამ დროისთვის რუსეთის ფედერაციიდან აფხაზეთში ნავთობპროდუქტების შეტანის მიმართულებით არანაირი პრობლემა არ არსებობს.

აღნიშნული განცხადებების მიუხედავად, სოხუმში, ავტოგასამართ სადგურებზე რიგებია.

რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს საავტომობილი ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტის შეზღუდვა დროებითია და შიდა ბაზარზე საწვავის ფასის დასტაბილურებას ისახავს მიზნად.

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთში ბენზინისა და დიზელის დეფიციტია, რის გამოც საწვავის ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა; კერძოდ, წლის დასაწყისიდან 9,4%-ით გაიზარდა საწვავის ფასები, ხოლო ზოგადად, სამომხმარებლო პროდუქტების ფასებმა – 4%-ით მოიმატა.

სექტემბრის ოც დღეში, გასული თვის იმავე პერიოდთან შედარებით, რუსეთმა ბენზინისა და დიზელის ექსპორტი 30%-ით, 1,7 მილიონ ტონამდე შეამცირა.

გასულ წელს რუსეთმა ჯამში 4.817 მილიონი ტონა ბენზინი და 35 მილიონი ტონა დიზელი გაიტანა ექსპორტზე.

ცნობილი იყო, რომ რუსეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება „რუსეთის ფედერაციიდან ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტის დროებითი აკრძალვის შესახებ“. 21 სექტემბერს დამტკიცებული ამ დოკუმენტის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დროებითი აკრძალვა არ ეხებოდა „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ექსპორტირებულ საქონელს“.

თუმცა 23 სექტემბერს დოკუმენტში ცვლილებები შევიდა და „კ“ ქვეპუნქტი ძალადაკარგულად გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სოხუმსა და ცხინვალში საწვავის ბაზარზე არსებულ „რთულ ვითარებაზე“ არაერთხელ განუცხადებიათ. საწვავის დეფიციტის მიზეზებს შორის სახელდებოდა „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაზრდილი მოხმარება, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გეგმური გათიშვა და მოსავლის სეზონი“.
საქართველოსთვის რუსეთი საწვავის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. სწორედ ამის გამო საწვავზე ფასები საქართველოშიც იზრდება. ბოლო 3 თვეში კი ჯამში ფასები თითქმის 70 თეთრამდეა გაზრდილი.

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ საწვავის ფასებმა, დეფიციტის შექმნის საფრთხის გავლენით, ევროპაშიც მოიმატა.

საქართველოსთვის რუსეთი საწვავის მიმწოდებას შეზღუდავს

მსგავსი პოსტები

Back to top button