მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

შოიგუს განცხადებით უკრაინამ კონტრშეტევისას 90 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მტკიცებით, უკრაინამ კონტრშეტევისას 90 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.

“მხოლოდ 4 ივნისიდან – დასავლეთის მიერ ფართოდ გავრცელებული და გულუხვად დაფინანსებული უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან კიევმა 90 000-ზე მეტი ჯარისკაცია მოკლული და დაჭრილი.

უკრაინას სამხედრო ტექნიკის დიდი დანაკარგი აქვს. განადგურებულია 600-მდე ტანკი და სხვადასხვა საბრძოლო მასალა. ამასთან, უკრაინამ ტაქტიკურად მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწია”, – აღნიშნა მან.

10 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევა დაიწყეს. მან თქვა, რომ ქვეყანაში კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს.

ამასთან რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიზიტის ფარგლებში შოიგუ მონაწილეობას მიიღებს ქსიანშანის უსაფრთხოების ფორუმში.

„რუსეთის სამხედრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პლენარულ სხდომაზე მოხსენებას გააკეთებს თემაზე „დიდი სახელმწიფოების პასუხისმგებლობა და თანამშრომლობა გლობალური უსაფრთხოების სფეროში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ქსიანშანის უსაფრთხოების მე-10 ფორუმი 29 ოქტომბერს გაიხსნა და 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ფორუმს 90-ზე მეტი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები ესწრებიან, მათ შორის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ირანის დელეგაციები.

მსგავსი პოსტები

Back to top button