მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა რიო-დე-ჟანეიროს ლიცენზია მოიპოვა

ქართველმა მშვილდოსნებმა: ხათუნა ნარიმანიძემ, ქრისტინე ესებუამ, იულია ლობჟანიძემ, სულ რამდენიმე წუთის წინ დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, პლეი ოფის პირველ წრეში იტალიის ძლიერი ნაკრები 5:1 დაამარცხეს და მერვედფინალში გავიდნენ, რაც ავტომატურად საგზურს იძლევა.

ჩვენმა სამეულმა პირველი სეტი 54:52 მოუგო ნატალია ვალეევას, გვანდელინა სატრორისა და ელენა ტონეტას იტალიურ ტრიოს, მეორე ფრედ დასრულდა – 55:55, რითაც სეტებს შორის ანგარიში 3:1 გახდა. გადამწყვეტი მესამე სეტი გამოდგა, რომელშიც კვლავ ჩვენებმა იმარჯვეს მინიმალური სხვაობით – 55:54.

ამით იტალიელებს ღირსეული რევანშიც აუღეს ტურინში გამართულ წინა ოლიმპიადის შესარჩევ მსოფლიოს ჩემპიონატში სკანდალური მარცხისთვის, მოგებული შეხვედრა ხელმეორედ რომ ჩაატარებინეს.

ჩვენებმა ახლანდელი შედეგით გუნდურში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი იტალია ულიცენზიოდ დატოვეს.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართველმა მშვილდოსნებმა გუნდურით მოიპოვეს ოლიმპიადის საგზურები, ანუ თამაშებზეც პირველად გამოვალთ გუნდურ შეჯიბრებაში. აქამდე მხოლოდ პირადში გამოვდიოდით და ისიც ორ-ორი სპორტსმენით, ახლა კი სამი გვეყოლება.

დღესვე, რამდენიმე საათში, ქართველები შესარჩევის მომგებ სამხრეთ კორეის ნაკრებს შეხვდებიან. შერეულ წყვილებში ხათუნა ნარიმანიძე და ლაშა ფხაკაძეც იასპარეზებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button