მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

მწვერვალისთვის სახელის დარქმევაში 35 ათასი ლარი დაიხარჯა

არასამთავრობო ორგანიზაცია “ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, 2019 წელს სსიპ “ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა” ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების ღვაწლისა და დამსახურების პატივსაცემად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ჭაუხის მასივში არსებული უსახელო მწვერვალისთვის, სახელად “ვეტერანის” დარქმევა გადაწყვიტა.

სამსახურმა ტენდერი 2019 წელს გამოაცხადა. სატენდერო პირობები ითვალისწინებდა 7 დღის განმავლობაში, 10 პირის მწვერვალზე აყვანის მომსახურებას. საბოლოოდ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა და თავად ვეტერანებმა, პირველი ასვლა მწვერვალზე, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 3 320 მეტრია, წარმატებით განახორციელეს. მწვერვალზე დაიდგა მემორიალური ბანერი, სიტყვებით – “მწ. ვეტერანი” – 2019 წლის 17 ოქტომბერი.’’ ეს ყველაფერი კი, სახელმწიფო ბიუჯეტს 35 000 ლარი დაუჯდა.

სსიპ “ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური” 2014-2020 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 42 660 100 ლარით დაფინანსდა, რომლის 30% მომუშავეთა შრომის ანაზღაურებაზე (ხელფასები, პრემია-დანამატები) დაიხარჯა.

2015-18 წლებში ორგანიზაციაში დასაქმებული იყო 106 ადამიანი, ხოლო 2019 წლიდან მათი რაოდენობა 143-მდე გაიზარდა. შრომის ანაზღაურებამ, წინა წლების მაჩვენელებთან შედარებით, საშუალოდ, 310 000 ლარით მოიმატა.

2019 წლის მონაცემებით, საქართველოში 68 576 ვეტერენია. მათ შორის 54 349, – ომის ვეტერანი. შშმ და ხანდაზმული ომის ვეტერანები სარგებლობენ რეაბილიტაციის პროგრამით, რომელიც სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამედიცინო მომსახურებას მოიცავს. 2019 წელს, პროგრამით, ერთ პირზე გათვალისწინებული ინდივიდუალური კურსის დაფინანსება 250 ლარს შეადგენდა. მწვერვალზე 10 ადამიანის ასვლაზე დახარჯული 35 000 ლარი საკმარისი იქნებოდა 140 ომის ვეტერანის სარეაბილიტაციო კურსის დასაფინანსებლად.” – წერს “ფლანგვის დეტექტორი”.

მსგავსი პოსტები

Back to top button