მუზეუმები იხსნება

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მუზეუმების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის ინფორმაციით, სტანდარტები, რომელთა დაკმაყოფილება მუზეუმის პერსონალისა და ვიზიტორებისთვის სავალდებულო იქნება, უკვე შემუშავებულია და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
საბჭოს დღევანდელი სხდომის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი სწორედ მუზეუმების თემა იყო.
სხდომაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, აღინიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ამ ეტაპზე, შესაძლო შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და მკურნალობას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად კი, კვლავ რჩება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი აპლიკაცია, რომელიც მოქალაქეებს აძლევს ინფორმაციას, ჰქონდათ თუ არა კონტაქტი ინფიცირებულ პირთან, ასევე აფრთხილებს იმ ლოკაციების შესახებ, რომლებთანაც ინფიცირებულ ადამიანებს შეხება ჰქონდათ.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია.
საბჭოს წევრებმა შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროცესი დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს, ის სასტუმროები კი, რომელთაც გახსნის ნებართვა ოფიციალურად მიიღეს, უკვე აქტიურად იჯავშნება.
“გაზრდილი მობილობისა და შიდა ტურიზმის გახსნის პირობებში რისკების ეფექტური მართვის მიზნით, გრძელდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, რესტორნებსა თუ სარეკრეაციო სივრცეებში, დადგენილი სტანდარტების შესრულების მკაცრი კონტროლი. დარღვევების შემთხვევაში კი, გამოყენებულია კანონით განსაზღვრული ჯარიმები.” – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთანავე, კვლავ ძალაში რჩება რეკომენდაცია, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ.
ამ ეტაპზე, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები რჩება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში.
ქვეყანაში კორონავირუსის 888 დადასტურებული შემთხვევაა.
731 პირი გამოჯანმრთელდა, 14 პაციენტი კი, გარდაიცვალა.