ნიკა მელია აშშ-ს კრიტიკულ ანგარიშს ბრიფინგით გამოეხმაურა [ვიდეო]
საქართველოს ისტორიაში ამ ყველაზე მძიმე დასკვნაში არაა ნათქვამი და ვერც იქნება, რომ ჩვენ ქვეყნის ყველა სფეროში კოლაფსია და რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და ყველაფერი უნდა შეიცვალოს -აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე ანგარიშს საქართველოზე, საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.
მელიას თქმით, იმ მძიმე ვითარების შეცვლა, რომელიც პარტნიორი ქვეყნის დასკვნაშია ასახული, მხოლოდ ქართველ ხალხს შეუძლია ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორების გზით.
“თითოეული გვერდი ამ 85 -დან გვაჩვენებს ჩვენი ქვეყნის უმძიმეს მდგომარეობას, თითოეული გვერდი გვაჩვენებს, როგორ გვაშორებს ოცნება ცივილიზებულ სამყაროს, თითოეული გვერდი გვაჩვენებს, როგორ მცირდება ჩვენი სამშობლოს პერსპექტივა ყოველწამიერად. თითოეული გვერდი ამ 85-დან გვეუბნება, რომ ასე გაგრძელება გამორიცხულია და რომ ქართული ოცნების გზას მივყავართ ჩვენი ქვეყნის ისტორიული სიკვდილამდე” თქვა ნიკა მელიამ და ჩამოთვალა ის პუნქტები, რაზეც დეპარტამენტს აქვს ყურადღება გამახვილებული:
“დასკვნაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური პოლიცია, სუს-ი, რომელიც უკანონოდ ყველას უსმენს პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს, ჟურნალისტებს, დიპლომატებს, სასულიერო პირებს;
დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოს ჰყავს პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური დევნილები, სააკაშვილი, გვარამია, ჯაფარიძე და ხაზარაძე, წერეთელი, კეზერაშვილი და მელია. მათ დევანს კავშირი აქვს არა სამართლიანობასთან და სამართალთან, არამედ მათ პოლიტიკურ პოზიციასთან. იქნება ეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრობა, თუ ოპოზიციური მედიის ფლობა;
დასკვნაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მთელი თავი პრაქტიკულად ეთმობა ქვეყნის მესამე პრეზიდენტ სააკაშვილს და მისდამი მოპყრობას, ასევე მისდამი წამების საქმის გამოძიების გამო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას.” თქვა მელიამ.
სახდეპის ანგარიშში საუბარია ე.წ სასამართლო კლანზეც.
პოლიტიკური მართლმსაჯულება,მოქალაქეების ტოტალური მოსმენა და გაუქმებული დემოკრატიული ინსტიტუტები – ივანიშვილის გუნდმა მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან მძიმე გზავნილები მიიღო.
ამერიკის საგარეო უწყება ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ მომზადებულ 2021 წლის დოკუმენტში,საქართველოში არსებულ უმძიმეს უფლებრივ მდგომარეობაზე დეტალურად საუბრობს და დარღვევების კონკრეტული მაგალითები მოჰყავს.
მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მომზადებულ ვრცელ ანგარიშში ცალკე თავი ეძღვნება მესამე პრეზიდენტის პატიმრობას ,სადაც წერია რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია.