ობამამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების კანონპროექტს ვეტო დაადო
თავდაცვის მომავალი წლის ბიუჯეტის კანონპროექტს, რომელიც 300 მილიონი დოლარით უკრაინისთვის დახმარებას ითვალისწინებდა, აშშ-ის პრეზიდენტმა – ბარაკ ობამამ ვეტო დაადო.
რესპუბლიკელების მიერ შემუშავებული დოკუმენტი, 2016 წელს თავდაცვის ხარჯების 612 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდას ითვალისწინებდა.
BBC-ის ინფორმაციით, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი უსარგებლო პროგრამებზე თანხების გადაჭარბებულ ხარჯვას ითვალისწინებს, ასევე, გუანტანამოს ციხის დახურვის პროცესს აფერხებს. პრეზიდენტის აზრით, კანონპროექტი არმიის მოდერნიზებისთვის აუცილებელ რეფორმებსაც შეაფერხებს.
ობამას ვეტოს გამო, ამერიკულ კონგრესს დოკუმენტის გადახედვა მოუწევს. როგორც წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა ჯონ ბეინერმა განაცხადა, ობამა არმიის ნაცვლად უპირატესობას შიდა პოლიტიკას ანიჭებს და ამით აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს. იმის მიუხედავად, რომ აშშ-ის კონგრესის ორივე პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებენ, მათ პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად საკმარისი ხმა არ აქვთ.