მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ოკუპირებულ ცხინვალში უკვე სამი ინფიცირებულია

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ამის შესახებ სააგენტო „რესს“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ განუცხადა.

სააგენტოს ინფორმაციით, სამივე შემთხვევა დღეს დადასტურდა. ერთ-ერთი ინფიცირებული, სუვოროვის სამხედრო სასწავლებლის 14 წლის კურსანტი, ცხინვალში რუსეთის ფედერაციიდან 30 აპრილს ჩავიდა და კარანტინში იმყოფებოდა. დანარჩენი ორი, დედა და მისი 6 წლის შვილი, ოკუპირებულ ცხინვალში 5 მაისს ჩავიდნენ.

ამასთან, როგორც ოკუპირებული რეგიონის მომხმარებელთა უფლებების დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანა გაგლოევამ განაცხადა, დედა-შვილი ახალგორის მკვიდრები არიან, ისინი სამკურნალოდ ჩრდილოეთ ოსეთში იყვნენ და ოკუპირებულ რეგიონში 5 მაისს დაბრუნდნენ.

“დედა-შვილი ვლადიკავკაზის საავადმყოფოში სხვა დაავადებაზე მკურნალობდნენ, სადაც მათ კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს და გამოწერეს. ისინი სამხრეთ ოსეთში 5 მაისს დაბრუნდნენ და არანაირი კლინიკური სიმპტომი არ აღენიშნებოდათ. დღეს კი, დაგვიკავშირდნენ ჩრდილოეთ ოსეთიდან კოლეგები და გვაცნობეს, რომ დედა-შვილისთვის ჩატარებულმა ტესტებმა დადებითი აჩვენა”. – განაცხადა გაგლოევამ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთი 10 მაისიდან რუსეთთან საზღვარს სრულად ჩაკეტავს და მის გახსნას 17 მაისისთვის გეგმავს. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, გადაწყვეტილება კოვიდ 19-ის წინააღმდეგ შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომაზე მიიღეს. აკრძალვა ეხება ყველას, ყოველგვარი გამონაკლისის სახით, მათ შორის, სატვირთო ავტომანქანების მიმოსვლას.

ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის თქმით, „რესპუბლიკას“ ესაჭიროება დრო, რათა კარანტინში მოათავსოს, გამოიკვლიოს და სათანადო დახმარება აღმოუჩინოს „მოქალაქეებს“, მათ შორის, სამხედრო უმაღლესი სასწავლებლების კურსანტების დიდ ჯგუფს, რომლებიც რუსეთში სწავლობენ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button