ოკუპირებული ცხინვალის შიშები
ე.წ. სამხრეთ ოსეთის „უსაფრთხოების კომიტეტი“ აცხადებს, რომ მისმა წარმომადგენლებმა იმ ზონის რადიაციული და ქიმიურ-ბიოლოგიური დაზვერვა განახორციელეს, სადაც, უწყების მტკიცებით, ქართულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ე.წ. „რესპუბლიკის საზღვარი“ დაარღვიეს.
„უსაფრთხოების კომიტეტის“ ინფორმაციით, 2 და 3 ივნისს სოფელ უისტასთან (წნელისი) ქართული უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ე.წ. „საზღვრის“ დარღვევის ფაქტები დაფიქსირდა.
„უსაფრთხოების სამსახურის საზღვრის დაცვის სამსახურის რადიაციისა და ქიმიურ-ბიოლოგიური დაცვის განყოფილების თანამშრომლებმა სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონში ნიადაგის, წყლის, ჰაერისა, მწვანე საფარისა და მწერების ნიმუშები აიღეს, რომელსაც ლაბორატორიაში გამოიკვლევენ ბიოლოგიური საფრთხის თავიდან ასაცილებლად.” – ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. “უსაფრთხოების კომიტეტის” განცხადებაში.
უწყების თქმით, შემოწმების საჭიროება გამოწვეულია „მაღალი დონის ბიოლოგიური საფრთხის არსებობით, საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის არსებობითა და იმ ქმედებებით, რასაც საქართველოს ტერიტორიაზე ლუგარის ლაბორატორია ახორციელებს.“
„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების კომიტეტი მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ თუკი აღებულ ნიმუშებში პათოგენური მიკროფლორა ან დაავადების გადამტანი ვექტორები აღმოჩნდება, ეს ფაქტი თბილისის რეჟიმის მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ბიოტერორიზმის ფორმებისა და მეთოდების გამოყენების მიმანიშნებელი იქნება.” – ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში.