მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომი უკრაინაში პუტინმა დაიწყო და ევროპაში მოგზაურობის აკრძალვით რუსეთის მოქალაქეების დასჯა არასამართლიანია

გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში შესვლის აკრძალვის იდეა არ მოსწონს.

შოლცი ფიქრობს, რომ ომი უკრაინაში ვლადიმერ პუტინმა დაიწყო და ევროპაში მოგზაურობის აკრძალვით რუსეთის მოქალაქეების დასჯა არასამართლიანია. გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ უკვე დაწესებული სანქციები საკმარისია.

“ეს პუტინის ომია, ამიტომ ევროპაში შესვლის აკრძალვა ჩვენ არ მოგვწონს”, – თქვა შოლცმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

​შოლცმა ასევე განაცხადა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, ხოლო ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. მისივე თქმით, რუსეთს მოუწევს უკრაინასთან მოლაპარაკება.

„ამ ომისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის პრეზიდენტს. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მას უკრაინასთან შეთანხმება მოუწევს. რუსეთის მიერ თავსმოხვეული მშვიდობა არ დამყარდება. ამან არ უნდა იმუშაოს და ვერ იმუშავებს“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

შოლცი ამბობს, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის ხელმძღვანელობის და მათთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ საკმაოდ ფართოა და ეს სანქციები გაგრძელდება.

რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში შესვლის აკრძალვის საკითხს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები პრაღაში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ.

შესაბამისი ინიციატივით დასავლეთის ქვეყნებს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა. ასეთი მოწოდებებით უკრაინის მთავრობის სხვა წევრებიც გამოვიდნენ. ესტონეთმა შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები დახურა. ასევე ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეწყვიტა. ანალოგიური გადაწყვეტილება ბულგარეთმაც მიიღო და რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსულ ავიაკომპანიებს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ფრენები აეკრძალათ, თუმცა რუსეთის მოქალაქეები ახლაც ახერხებენ საზღვარგარეთ მოგზაურობას და ვიზების მოთხოვნას.

მაგალითად, ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესებას მოითხოვს და საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს. ფინეთის პრემიერმინისტრის სანა მარინის ინიციატივა ტურისტულ ვიზებს ეხება. სანა მარინის განცხადებით, რუსეთის აგრესიის პირობებში, ამ ქვეყნის მოქალაქეების თავისუფალი და უპრობლემო მოგზაურობა ევროპაში არ უნდა გაგრძელდეს. მარინი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი ამ საკითხზე ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებს.

“არასწორია, რომ იმ დროს, როცა რუსეთი აწარმოებს აგრესიულ, სასტიკ ომს ევროპაში, მისი მოქალაქეები ახერხებენ ნორმალურ ცხოვრებას, ევროპაში მოგზაურობას, ტურისტებად ყოფნას. ეს არასწორია”, – თქვა მარინმა.

ბოლო პერიოდის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეები საქართველოშიც დიდი რაოდენობით ჩამოდიან, მათ შორის არეგისტრირებენ ბიზნესებს. ფაქტი სამოქალაქო საზოგადოებაში აღშფოტებას იწვევს, თუმცა ქართული ოცნება რუსი ვიზიტორების სიმრავლეში პრობლემას ვერ ხედავს. მაგალითად ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს არაერთხელ გამოესარჩლა, მათ მიმართ ნეგატიურად განწყობილ საზოგადოებას “ქსენოფობები” უწოდა და განაცხადა, რომ “[რუსებისთვის] ვიზების მოთხოვნის უკან დგას ერთი მიზანი – ჩართონ საქართველო სამხედრო კონფლიქტში”.

მსგავსი პოსტები

Back to top button