მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის დაწყებიდან უკრაინელებმა 36 350 რუსი სამხედროს განეიტრალება შეძლეს

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა

ომის დაწყებიდან უკრაინელებმა 36 350 რუსი სამხედროს განეიტრალება შეძლეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ რუსული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკა გაანადგურა.

„უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს:

➡1594 ტანკი

➡3772 ჯავშანტექნიკა

➡806 საარტილერიო სისტემა

➡247 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა

➡105 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა

➡217 საბრძოლო თვითმფრინავი

➡187 ვერტმფრენი

➡660 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი

➡15 გემი/ნავი,

➡2634 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი

➡65 ერთეული სპეცტექნიკა

➡144 ფრთოსანი რაკეტა”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან უკრაინაში გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის გამო იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა. ხელისუფლებამ რუსული ოქროს იმპორტზე ემბარგო დააწესა, გარდა ამისა, იაპონურ კომპანიებს ეკრძალებათ რუსეთისთვის სატრასტო, აღრიცხვის, აუდიტისა და მართვის სფეროში საკონსულტაციო მომსახურების გაწევა. ახალი შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია იაპონიის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

იაპონიის ხელისუფლება ბავარიაში გამართულ “დიდი შვიდეულის” ქვეყნების სამიტზე კოლეგებთან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდა. შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტზე ემბარგო უკვე ოფიციალურად დააწესა. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ოქრო რუსული ექსპორტის მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელსაც რუსეთისთვის “ათობით მილიარდი დოლარი მოაქვს.”

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვა რუს ოლიგარქებს შეეხება, რომლებმაც “პუტინის სამხედრო მანქანისთვის” ცოტა ხნის წინ თავიანთი აქტივები ოქროში გადაიტანეს. “ოქროს საერთაშორისო ვაჭრობაში ლონდონის ცენტრალური როლისა და შეერთებული შტატების, იაპონიისა და კანადის პარალელური მოქმედებების გათვალისწინებით, ამ ზომას ექნება გლობალური მიღწევა, ამ საქონლის გამოკლებით რეგულირებადი საერთაშორისო ბაზრებიდან”, – ნათქვამია მოხსენებაში. აღნიშნულია, რომ გასულ წელს ოქროს ექსპორტმა რუსეთის ეკონომიკას 15 მილიარდ დოლარზე მეტი მოუტანა.

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, იაპონიის მიერ უკვე სანქცირებულია რუსეთის და მის მიერ აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების 800-მდე კერძო და იურიდიული პირი. მათ შორის რუსეთის მსხვილი ბანკები. აკრძალულია მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის – 3D პრინტერების, კვანტური კომპიუტერებისა და მიკროსქემების ექსპორტი რუსეთში.

რუსეთმა, თავის მხრივ, შეაჩერა იაპონიასთან ხელმოწერილი შეთანხმების მოქმედება, ზღვის ცოცხალი რესურსების რეწვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

მსგავსი პოსტები

Back to top button