ომში მყოფმა უკრაინამ თურქეთში სტიქიასთან გასამკლავებლად 87 მაშველი გაგზავნა

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებთან გამკლავებაში დასახმარებლად უკრაინამ თურქეთში 87 მაშველი გაგზავნა.
მედიის ცნობით, შესაბამისი განკარგულება მინისტრთა კაბინეტმა გასცა.
მთავრობის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურს დაევალა, სამძებრო-სამაშველო რაზმი გაგზავნოს თურქეთში „ან-32“-ის და „ან-26-ის“ თვითმფრინავებით და საავტომობილო ტრანსპორტით. გაგზავნილ 87 ადამიანს შორის თვითმფრინავების ეკიპაჟების 10 წევრია.
გაერო სტიქიით დაზარალებული თურქეთისა და სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 25 მილიონ დოლარს გამოყოფს. აღნიშნული თანხა გადაუდებელი დახმარების გაწევას მოხმარდება.
როგორც გაერო-ს პრესსპიკერი სტეფან დუჟარიკი აღნიშნავს, გაერო-ს კატასტროფის შეფასებისა და საკოორდინაციო ჯგუფები ადანაში იმყოფებიან და გაზიანთეფში ჩასვლას გეგმავენ.
სტიქიით დაზარალებულ ათ პროვინციაში, საერთო ჯამში, 15 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, მათგან 1,7 მილიონი სირიელი ლტოლვილია. ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 7 108-ს მიაღწია, დაშავებულთა რიცხვი 38 000-ს აღემატება.
რაც შეეხება სირიას, სტიქიას 2 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით ამდენივე დაშავებულია.
ევროკავშირი სირიას 3.5 მილიონი ევროს ღირებულების დახმარებას გაუგზავნის. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ბრიუსელში მას შემდეგ მიიღეს, რაც გაერთიანებას დახმარების თხოვნით სირიამ ოფიციალურად მიმართა.
თურქეთის ავიახაზეი აცხადებს, რომ მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ადანის, დიარბაკირის, შანლიურფას, ელაზიღის, კაჰრამანმარასის, მალათიის, ადიიამანის, გაზიანთეპისა და კაისერის მიმართულებით პირდაპირი ფრენები 13 თებერვლამდე უფასო იქნება.
თურქეთში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ სამაშველო სამუშაოები გრძელდება 10 პროვინციაში, რომლებიც კატასტროფის ზონად გამოცხადდა. მეორე მხრივ, სწრაფად დაიწყო კარვების ქალაქების მობილიზება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც სახლებში ვერ შედიოდნენ და გარეთ რჩებოდნენ. კვლავ THY-მ დაიწყო უფასო ფრენები მიწისძვრის მსხვერპლთათვის, რომელთაც სურთ მიწისძვრის ზონიდან ნათესავებთან წასვლა, ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედიასაშუალება ავრცელებს. შეგახსენებთ, 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 7 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 40 ათასზე მეტი მოქალაქე. სტიქიის შედეგად დაზარალებულ 10 პროვინციაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
მძიმე ტექნიკის მწირი რაოდენობის გამო კი, სამაშველო ოპერაციების დროული ჩატარება ვერ ხერხდება.