მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თურქეთის სამხრეთი და სირიის ჩრდილოეთი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა

12 000 ცხედარი - დაღუპულთა რაოდენობა კატასტროფულად იზრდება

თურქეთის სამხრეთი და სირიის ჩრდილოეთი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა – მიუხედავად იმისა, რომ უბედურების ზონას მთელი მსოფლიო ეხმარება, უსახლკაროდ დარჩენილებს ამ დრომდე არ ჰყოფნით კარვები, თბილი ტანსაცმელი და პლედები. დღეს მიწისძვრის ეპიცენტრში ჩასულმა ერდოღანმაც აღიარა, რომ მის მთავრობას გზების გაწმენდის და პირველადი დახმარების ლოჯისტიკის პრობლემები აქვს.

კიდევ უფრო რთულია სიტუაცია სირიაში, სადაც შიმშილს და ქვეყანაში გავრცელებულ ქოლერას თითქმის 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაემატა.

მხოლოდ სირიაში უსახლკაროდ დარჩენილია 300 000 ადამიანი, დაღუპულთა რაოდენობამ კი 3 000-ს გადააჭარბა. დამასკოს არ ჰყოფნის სამაშველო ჯგუფები, მედიკოსები და საკვები. სირია ახლა თავიდან ბოლომდე საერთაშორისო ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება თურქეთს – ნგრევის მასშტაბი საქართველოს მეზობელ ქვეყანაში კიდევ უფრო დიდია, მეტია დაღუპულიც. მიწისძვრიდან 60 საათის შემდეგ, დღეს მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 6 ადამიანი ამოიყვანეს.

12 000 ცხედარი – დაღუპულთა რაოდენობა კატასტროფულად იზრდება, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ცოცხლად გადარჩენის შანსი კი სულ უფრო მცირდება. ვითარება ეპიცენტრში უმძიმესია. მაშველებს სამძებრო სამუშაოები ძლიერ ყინვასა და ქარბუქში უწევთ, მათ შორის არის 60 ქართველი, რომლებმაც უკვე შეძლეს ერთი სიცოცხლის გადარჩენა. 21 წლის გოგო ქართველმა მაშველებმა მრავალსართულიანი კორპუსის ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

ქალაქ ქაჰრანმარმარაში სიცოცხლემ არაერთხელ გაიმარჯვა. მამაკაცი, რომელმაც ნანგრევებში 60 საათზე მეტი გაატარა, მაშველებმა გადაარჩინეს.

ემოციური და მძიმეა იქ შეკრებილი ადამიანების ისტორიები. მეუღლე ჩამოშლილი შენობის ქვეშ მოყოლილ ქმარს ამხნევებს. მოგვიანებით, ნანგრევებიდან ხმა შეწყდა. რამდენიმე საათში მაშველებმა ის გარდაცვლილი იპოვეს.

მაშველები 24 საათიან რეჟიმში განუწყვეტლივ ეძებენ ადამიანებს იმ იმედით, რომ მათ გადარჩენას მოახერხებენ. პროცესში ჩართული არიან რიგითი მოქალაქეები და მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნიდან.

ქალაქ ქაჰრანმარმარაში საცხოვრებელი სახლების ნანგრევებთან მყოფ თითოეულ ადამიანს მძიმე ისტორია აქვს. ყველა მათგანს ახლა მხოლოდ ის იმედი აერთიანებს, რომ მიწის ქვეშ მოყოლილი ოჯახის წევრები გადარჩებიან.

ქალაქში, რომელიც მიწისძვრის მთავარი ეპიცენტრი იყო, ახლა თითქმის ყველა შენობა დანგრეულია.

ქალაქ ქაჰრანმარმარაშის მოსახლეობა ღამეს ღია ცისქვეშ, ყინვაში ატარებს. თუმცა, სიცივეს ვერავინ გრძნობს – მოქალაქეები მაშველების დახმარებას ცდილობენ, ქუჩაში დარჩენილ ადგილობრივებს კი მოხალისეები ეხმარებიან.

რთული მისია აქვთ ქართველი მაშველების ოთხფეხა დამხმარეებს. ბელგიური ნაგაზი “ტინტო” ნანგრევებში გადარჩენილებსა და დაღუპულებს ეძებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button