მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

განათლების სამინისტროს ფავორიტი კომპანიები

განათლების სამინისტროს ინსტრუქციის მიხედვით, 2013 წლიდან დღემდე, საჯარო სკოლები ხელშეკრულებებს ერთი და იგივე მფლობელის სამ სახვადასხვა კომპანიასთან (იურიდიულ და სატრენინგო მომსახურება) აფორმებენ.

presa.ge-მ ხელშეკრულების ასლები მოიპოვა და აღმოჩნდა, რომ განათლების სამინისტრო სკოლებს აიძულებს, რომ ერთი და იგივე მფლობელის კომპანიებთან დადონ ხელშეკრულებები და ამ კომპანიებს გადაურიცხონ ბიუჯეტიდან თანხები, რამაც ჯამში, 21 მილიონი შეადგინა.

მეტიც, არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ ამ კომპანიის მფლობელი, განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნებს გადარიცხული მილიონების ნაწილს “ატკატის” სახით, არალეგალურად უბრუნებს უკან…

 

პრივილეგირებული კომპანიები

 

შპს განათლების ადმინისტრირების ჯგუფი;

შპს საგანმანათლებლო საკონსულტაციო ჯგუფი;

შპს ედუგრუპი

– ეს არის ის სამი საეჭვოდ პრივილეგირებული კომპანია, რომელსაც ერთი და იგივე დამფუძნებელი ჰყავს, თათია ზარქუას სახით.

რატომღაც, სწორედ ამ კომპანიებს უფორმებენ ხელშეკრულებებს იურიდიულ და სატრენინგო მომსახურებაზე საჯარო სკოლები, რომელთა საერთო რაოდენობა 2 000-ს აჭარბებს.

მარტივად რომ ვთქვათ, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა 2 000-ზე მეტმა სკოლამ, მხოლოდ ეს სამი კომპანია “იპოვა”, რომელსაც ბოლო 7 წლის განმავლობაში ხელშეკრულებებს უფორმებს.

 

მტკიცებულებები

 

2020 წლის 24 თებერვალი – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის მეორე საჯარო სკოლა ხელშეკრულებას დებს შპს ედუგრუპთან (დირექტორი და დამფუძნებელი თათია ზარქუა).

ხელშეკრულების საგანი: სატრენინგო მომსახურების შესყიდვა. ღირებულება – 500 ლარი.

2019 წლის 3 იანვარი – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლამ ხელშეკრულება გაუფორმა შპს განათლების ადმინისტრირების ჯგუფს (დირექტორი და დამფუძნებელი კვლავ თათია ზარქუა).

ხელშეკრულების საგანი: საგანმანათლებლო სფეროს ადმინისტრირების მომსახურება. ღირებულება – 1 800 ლარი.

2020 წლის 2 მარტი: ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ სოჩხეთის საჯარო სკოლამ კონტრაქტი დადო შპს ედუგრუპთან (ისევ ზარქუას კომპანია).

ხელშეკრულების საგანი: სატრენინგო მომსახურება. ღირებულება – 500 ლარი.

2020 წლის 27 თებერვალი: ქუთაისის მეცამეტე საჯარო სკოლამ ხელშეკრულება გააფორმა შპს ედუგრუპთან (თათია ზარქუა).

ხელშეკრულების საგანი: სატრენინგო მომსახურება, ხელშეკრულების ღირებულება – 200 ლარი.

2019 წლის 3 იანვარი – რუსთავის მერვე საჯარო სკოლამ კონტრაქტი დადო შპს განათლების ადმინისტრირების ჯგუფთან, რომელიც ასევე, თათია ზარქუას ეკუთვნის.

ხელშეკრულების საგანი: საგანმანათლებლო სფეროს ადმინისტრირება, ღირებულება – 1 800 ლარი.

2019 წლის 3 იანვარი – ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზუბზუს საჯარო სკოლა ხელშეკრულებას უფორმებს შპს განათლების ადმინისტრირების ჯგუფს (თათია ზარქუა).

ხელშეკრულების საგანია საგანმანათლებლო სფეროს ადმინისტრირება, ღირებულება კი – 1800 ლარი.

2018 წლის 3 იანვარი – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქაღის საჯარო სკოლამ ხელშეკრულება გააფორმა საგანმანათლებლო საკონსულტაციო ჯგუფთან (დირექტორი და დამფუძნებელი კვლავ თათია ზარქუა).

ხელშეკრულების საგანი: საგანმანათლებლო სფეროს ადმინისტრირება. ღირებულება – 1 800 ლარი.

2019 წლის 8 იანვარი – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭის საჯარო სკოლა ხელშეკრულებას აფორმებს განათლების ადმინისტრირების ჯგუფთან (ისევ თათია ზარქუას კომპანია).

ხელშეკრულების საგანი: საგანმანათლებლო სფეროს ადმინისტრირება, ღირებულება – 1 800 ლარი.

ვფიქრობთ, წარმოდგენილი ფაქტები კორუფციის ნიშნებს შეიცავს და დეტალებით, შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button