მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ოპოზიცია თამარ ჟვანიას თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილებას ეხმაურება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვებას უკვე მოჰყვა პირველი შეფასებები ოპოზიციაში.

“მე მქონდა მოლოდინი, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღებდით საარჩევნო კოდექსს ახალი ცვლილებებით, ის მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, თუმცა ეს იყო ჩემი ვარაუდი, რომელიც გამართლდა და რაც ძალიან კარგია, იმიტომ, რომ ერთის მხრივ ჩვენ შევცვალეთ საარჩევნო კოდექსში ძალიან სერიოზული მუხლები, რომლებიც იყო პრობლემური სწორედ წინა არჩევნების დროს, მაგრამ ერთია სისტემის ცვლილება და მეორე არის სანდოობა, რომელიც სხვა მხრივაც საჭიროა, რომ არსებობდეს არჩევნების მიმართ და თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობის პირობებში, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნებოდა, რომ საზოგადოებას ჰქონოდა ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ,“ – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

პოლიტიკური მოძრაობა “დროას” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია, თამარ ჟვანიას გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ჟვანია იტყუება, როცა ამბობს, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო:
“კარგია, რომ მაინც მოუწია ჟვანიას წასვლა, მაგრამ:

1. კიდევ ერთხელ მეტყველებს სისტემის სიმახინჯეზე, როცა უნდათ, რა სოუსითაც უნდათ ისე რომ მიიღება გადაწყვეტილებები
2. იტყუება, რომ თავად გადაწყვიტა
3. ერთი კვირის წინ ზუსტად საპირისპირო თქვა, უპატივცემულობა კიდევ ერთხელ
4. ილუზიები არ უნდა შეგვექმნას, რომ გაყალბების სისტემა მოირღვა
5. გამყალბებელთა კლანი ჯავახიშვილის თაოსნობით კომფორტულად არიან”,- წერს ელენე ხოშტარია.

თამარ ჟვანიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა, დღეს 30 ივნისს დატოვა. განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მსგავსი პოსტები

Back to top button