,,ოპოზიციის აქციებზე დავით კეზერაშვილის და დიმა ჩიქოვანის მიერ 1 000 ლარად დაფინანსებული ადამიანები დგანან – ასევე გულწრფელი მონაწილეებიც არიან,,-კობახიძე
კობახიძის თქმით 22 აპრილის აქციაზე 350 ადამიანი შეიკრიბა
ოპოზიციის აქციებზე დავით კეზერაშვილის და დიმა ჩიქოვანის მიერ 1 000 ლარად დაფინანსებული ადამიანები დგანან – რა თქმა უნდა, გულწრფელი მონაწილეებიც არიან, მაგრამ ნახევარზე მეტი “ენჯეოების”, კეზერაშვილისა თუ ხაზარაძის მიერ დაფინანსებული ადამიანია! 9500-დან 2/3 პარტაქტივი, ხოლო 1000-1500 გულწრფელად გამოსული ადამიანი იყო, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
კობახიძე იმასაც ამბობს, რომ 22 აპრილის აქციაზე 350 ადამიანი შეიკრიბა, რომელთა უდიდესი უმრავლესობა დიმა ჩიქოვანის და მამუკა ხაზარაძის პარტაქტივი, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ.
“ახალგაზრდების ნაწილი პირდაპირ დიმა ჩიქოვანის მიერ არიან დაფინანსებული. “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი – ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდაა იგორ ნარმანია, რომელიც დიმა ჩიქოვანის ხელდასმული ახალგაზრდაა. ის არის “ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ლიდერი. მას გულწრფელ ახალგაზრდას უწოდებენ. ამ ადამიანს თავისი პოლიტიკური არჩევანი აქვს, გამოვიდეს და რაც უნდა ის გააპროტესტოს – ჩვენ არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებთ, მაგრამ ყველამ კეთილი იქნბოს და შეურაცხყოფას ნურც ჩვენს მხარდამჭერებს მიაყენებენ. ჩვენ არც ერთხელ ამ ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ გვიკადრია – არც გულწრფელად გამოსული ადამიანებისთვის და არ პარტაქტივისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, 29 აპრილს “ქართული ოცნება“ მათ ათიათასობით მხარდამჭერს ელოდება.
“როგორც კი 29 აპრილის შეკრება დაანონსდა, ჩვენი მხარდამჭერების წინააღმდეგ შეურაცხყოფის კამპანია დაიწყო – საუბრობენ, რომ 100 ათასი საჯარო მოხელე უნდა მოვიდეს და ასე შემდეგ… ისიც არ იციან, მოხელეების რაოდენობა რამდენია. აქციაზე ჩვენი მხარდამჭერები ყველა სფეროდან იქნებიან და ყველა დაინახავს, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს მმართველ გუნდს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” წევრი, გურამ მაჭარაშვილი 29 აპრილს “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ შეკრებას ეხმაურება. მისი თქმით, ამ დღეს, ქართველი ხალხი კი-ს ეტყვის გამჭვირვალობას, ქვეყნის სუვერენიტეტს და არა-ს გაუმჭვირვალობასა და სუვერენიტეტის შეზღუდვას.
“29 აპრილს ქართული საზოგადოება კი-ს ეტყვის გამჭვირვალობას, ქვეყნის სუვერენიტეტს და არა-ს გაუმჭვირვალობასა და სუვერენიტეტის შეზღუდვას. კი-ს ეტყვის სარწმუნოებას და არა-ს ეტყვის ურწმუნოებას. ეს არის ყველაზე მთავარი გზავნილი თანამედროვე მსოფლიო საზოგადოებისთვის. ქართული ღირებულება და ევროპული ღირებულება არის მთავარი. გამჭვირვალობა ნიშნავს ქართულ და ევროპულ ღირებულებას, სუვერენიტეტი ნიშნავს ქართულ და ევროპულ ღირებულებას.
სხვათა შორის, 35 წლის წინ, 9 აპრილს საზოგადოება დამოუკიდებლობას “მამაო ჩვენოს” ფონზე ითხოვდა და დღეს შარვალჩახდილი გირჩი კადრულობს და 100 ათას მოწამეს შეურაცხყოფას აყენებს.
ამას ეტყვის ქართული საზოგადოება არა-ს და ეტყვის კი-ს იმ სულისკვეთების გაგრძელებას, რომელიც იყო 9 აპრილს და არა-ს ეტყვის ყველა დანარჩენ პოლიტიკურ ჭინკებს”, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
29 აპრილს “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ შეკრებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება.
რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიციის განწყობები აჩვენებს, როგორ ეშინიათ საზოგადოების.
“ჩვენი საზოგადოება და მხარდამჭერები ერთიანდებიან ეროვნული და სახელმწიფოებრივი ფასეულობების გარშემო, რომელსაც იცავს “ქართული ოცნება”. ის რეაქციები, რომლებიც აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომელსაც აქვს ბოლომდე სახე დაკარგული, აჩვენებს, როგორ ეშინიათ მათ ინფორმირებული ადამიანის და როგორ ეშინიათ ზოგადად ჩვენი საზოგადოების. ამ ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ემტროთ ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული ტრადიციებისთვის, ქართული ღირებულებებისთვის, შესაბამისად, ამ მტრობის შედეგებს ოქტომბერში მოიმკიან,” – ამბობს რატი იონათამიშვილი.
29 აპრილს “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ შეკრებას პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია 29 აპრილს რუსთაველზე “ქუდზე კაცი” გავიდეს.
“გუშინ ნახა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ სახე “ნაციონალური მოძრაობის”. ეს არის ზიზღის კამპანია, რომელსაც ისინი ბოლო პერიოდში ეწევიან. გუშინ ეს განსაკუთრებულად გამოჩნდა.
ეს ხალხი ხელისუფლებაში როცა იყვო, გვახსოვს რასაც აკეთებდნენ, საერთოდ ახშობდნენ თავისუფალ სიტყვას, ახლა ოპოზიციიდან, “ფეისბუქის” კლავიატურებიდან პირდაპირ აშინებენ საზოგადოებას, რომ მათ თავისი აზრი არ გამოთქვან.
ამიტომ, მნიშვნელოვანია 29 აპრილს, დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს რუსთაველზე იმიტომ, რომ ამ ზიზღის კამპანიას, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” აწარმოებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავისი უცხოელი მფარველების მეშვეობით, ჩვენ ქართული ღირსებით და ღირებულებებით ვუთხრათ ქართველი ხალხის სიტყვა,” – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
29 აპრილს “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული შეკრება, ისევ პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა. ოპოზიცია ინიციატივას ისევ დაპირისპირებისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას აპირებს.
პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, საჯარო მოხელეები იძულებით ჩამოიყვანოს თბილისში.
“ხელისუფლება კიდევ ერთ დიდ სისუსტეს აჩვენებს, როდესაც იძულებით ცდილობს საჯარო მოხელეები ჩამოიყვანოს თბილისში და გამართოს აქცია. მაგრამ, მთავარი კითხვაა, ვის უტარებს აქციას. რაც არ უნდა ძალით, ხელოვნურად ჩამოიყვანოთ ეს ადამიანები, ტაში აკვრევინოთ, ყველამ ხომ ძალიან კარგად იცის, რომ თქვენ აღარანაირი მორალური საფუძველი არ გაქვთ, რომ ხელისუფლება გერქვათ.
მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს, მათ შანტაჟს და დაშინებას უპასუხეთ ძლიერი პასუხით, რომ არ გემორჩილებით და ყველას დაგიდგებით გვერდში”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, შეფასება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” თავმჯდომარე, ბექა ლილუაშვილმა.
“ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელსაც სჭირდება თავისი ლეგიტიმაციის ფარგლებში, გადაწყვეტილების მიღებისთვის ხალხის ქუჩებში იძულებით გამოყვანა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ამ გადაწყვეტილების არჩევნებით მინიჭებული, თავის დროზე ლეგიტიმაცია უკვე შერჩენილი აღარ აქვს”, – აცხადებს ბექა ლილუაშვილი.
29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით, ხალხით, რომელსაც სახის დამალვა და საქართველოს მომავლის წინაშე თავის დახრა მოუწევს, – ასე ეხმაურება პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში 29 აპრილს „ქართული ოცნების“ ორგანიზებით დაგეგმილ საყოველთაო-სახალხო შეკრებას.
„წარსულისა და მომავლის ჭიდილში წარსულს არასოდეს გაუმარჯვია, შვილებთან დაპირისპირება არავის მოუგია“, – წერს ნიკა მელია.
უკვე ცნობილია, რომ 29 აპრილს, რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ შეკრებაზე, იქნება ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც.