მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოცნება სენატორების წერილს “გაუგებრობა”-ს უწოდებს

ოპოზიცია 14 სენატორის წერილს განგაშის ზარს უწოდებს

ამდენი მოწოდების ნაცვლად, უფრო მარტივი იქნებოდა თუნდაც კონგრესისთვის ან სენატისთვის, რომ იზრუნონ და გასაჯაროვდეს ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული ფული. ჩვენ ვიცით,რომ „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ არ ასაჯაროებს, რა პროექტებს აფინანსებს საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად მქონდა მათთან კომუნიკაცია ერთი წლის განმავლობაში, – ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 14 სენატორის წერილს, რომელიც მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გაუგზავნეს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, მმართველი პარტიისთვის „ამ სფეროში გამჭვირვალობა გადამწყვეტია“.
„ცოტა საკვირველი და იმედგამაცრუებელია, რა თქმა უნდა, ასეთი პოზიციები. გასაკვირია იმის, გამო, რომ ქვეყანა, რომელშიც უფრო მკაცრი კანონები მოქმედებს, ჩვენ მოგვიწოდებს, რომ არ მივიღოთ ასეთი კანონი. იმედგამაცრუებელია იმიტომ, რომ ის ღირებულებები, რომელზეც არის ხოლმე საუბარი და რომელზეც ჩვენ გვესაუბრებიან, თავად არ არის სრულად ამ ღირებულებების ფარგლებში, რომ გამჭვირვალობა განმსაზღვრელი პრინციპია, რომ კანონის უზენაესობა და დემოკრატია მთავარი პრინციპია. საბოლოო ჯამში, ჩვენთვის, კიდევ ერთხელ, გადამწყვეტია ის, რომ ამ სფეროში გვქონდეს გამჭვირვალობა და ამ მოწოდებების ფონზე, გასაკვირია, რომ ამდენი მოწოდების ნაცვლად, ხომ უფრო მარტივი იქნებოდა თუნდაც კონგრესისთვის ან სენატისთვის, რომ იზრუნონ და გასაჯაროვდეს ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული ფული. ჩვენ ვიცით,რომ ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი არ ასაჯაროებს, თუ რა პროექტებს აფინანსებს საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად მქონდა მათთან კომუნიკაცია ერთი წლის განმავლობაში. დამპირდნენ,რომ გასაჯაროვდებოდა, რამდენჯერმე და ეს სიტყვა არც ერთხელ არ შესრულდა. დღემდე დაფარულია რაში იხარჯება ეს ფული და შემდეგ, შემთხვევით ვიგებთ ხოლმე, რომ აშშ-ის ბიუჯეტიდან ფული, ამერიკელი მოქალაქეების ფული იხარჯება შემოვლითი გზით პარტიების დაფინანსებაში, რადიკალური ჯგუფების დაფინანსებაში, დეზინფორმაციული ჯგუფების დაფინანსებაში, რაც რა თქმა უნდა, კარგი არ არის ქართული საზოგადოებისთვის და საბოლოო ჯამში, ჩრდილს აყენებს თავად ამერიკულ დახმარებას საქართველოში. ამიტომ, ნაცვლად ამ მოწოდებებისა და განცხადებებისა უფრო მარტივი საკითხი იქნებოდა, რაც მათ ხელში არის, გაასაჯაროონ ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული თანხები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი სენატორების წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს “გაუგებრობა” დახურულ კარს მიღმა უნდა განიხილონ. ის ასევე ამტკიცებს, რომ წერილის შინაარსი და პათოსი არასწორი აღქმებიდან გამომდინარეა განსაზღვრული.
ღარიბაშვილი ეხმაურება კრიტიკულ განცხადებებს ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევის შესახებ და “საფუძველმოკლებული” უწოდებს.
“ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ურთიერთობას, რომელიც გვაქვს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან. ამავდროულად, მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს ჯერ კიდევ დგას ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე…ჩემი სურვილი არის ის, რომ ჩვენ ნაკლები გაუგებრობები გვქონდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ჩვენს მეგობრებთან. და თუ რაიმე ბუნდოვანება, თუ რაიმე გაუგებრობაა, ეს გაუგებრობა, ეს კითხვები უნდა იქნას განხილული დახურულ კარს მიღმა. ეს არის ჩემი გულწრფელი სურვილი. რაც შეეხება ამ წერილს, მეც გავეცანი შინაარსს. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა. ალბათ, ის უნდა ვთქვათ, რომ არასწორი აღქმებიდან გამომდინარე არის ამ წერილის შინაარსი და პათოსი განსაზღვრული…საჭიროა გაგრძელდეს დიალოგი, კომუნიკაცია ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს პარტნიორებთან. უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ამერიკელი მეგობრები, ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ რაიმე უჩვეულოს საქართველო არ აკეთებს. არ არის რაღაც გამიზნული, რომ საქართველომ გადაუხვიოს. გამოითქვა კრიტიკა, რომ თითქოს საქართველო აპირებს გადაუხვიოს ევროინტეგრაციის გზას თუ დემოკრატიის გზას. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რბილად რომ ვთქვა, არათუ გადაჭარბებულია, არამედ ძალიან ისეთი განცხადებაა, საფუძველმოკლებული განცხადებაა,” – ამბობს ღარიბაშვილი.

“არ არის სწორი, როდესაც შენ მეგობარ და პარტნიორ ქვეყანას კანონთან დაკავშირებით, რომლის ანალოგიური და გაცილებით უფრო მძიმე კანონი შენთან დღესაც მოქმედებს და როდესაც კანონი ეხება გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, ასეთი მუქარის ტონით ესაუბრები”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა სენატორების წერილთან დაკავშირებით განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, საქართველომ ძალიან ბევრი რამე გააკეთა იმისათვის, რომ ეჩვენებინა აშშ-სთვის, რომ ის მისი მტკიცე პარტნიორია და თუ “გამჭვირვალობის კანონი” პოლიტიკურ ურთიერთობაში არამართლზომიერი ჩარევის და დაჩრდილული ველების ადგილს არ დატოვებს, ეს კიდევ უფრო გაზრდის პარტნიორობის, ნდობის და თანამშრომლობის ხარისხს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.
“ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში ნამდვილად არის შესაცვლელი პარტნიორული და სტრატეგიული ურთიერთობების განსამტკიცებლად, როგორიც არის იგივე ამდენი ხნის განმავლობაში უვიზო რეჟიმის შემოღება, ან ელემენტარულად ვიზის აღების განჭვრეტადი ვადის მიღწევა მაინც, პირდაპირი ფრენების შემოტანა, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბება. საქართველომ ძალიან ბევრი რამე გააკეთა იმისათვის, რომ ეჩვენებინა მათ შორის აშშ-სთვის, რომ ის მისი მტკიცე პარტნიორია და ეს გამოიხატა ბევრ საკითხში, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი კრიზისების ერთობლივად დაძლევაში, როგორიც იყო ავღანეთი, ერაყი, ასევე ავღანეთიდან ამერიკული შენაერთების გამოყვანა და საქართველოს პირდაპირი ჩართულობა, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ამ მიმართულებით.
დღესაც, როდესაც ომი გრძელდება უკრაინაში, საქართველო ერთგული არის და ასრულებს ალბათ ყველაზე საუკეთესოდ, მათ შორის ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებითაც, სანქციების იმპლემენტაციის პოლიტიკას, ანუ სანქციებიდან თავის არიდება, რომ არ მოხდეს რუსეთის ან სხვა ქვეყნების მხრიდან. ასე რომ ჩვენც გვაქვს უფრო მეტი მოლოდინი ამერიკის შეერთებული შტატებისაგან და უკეთესი იქნება ცვლილება ამ მიმართულებით. თუ ყველა დავინახავთ, რომ გამჭვირვალობა პოლიტიკურ ურთიერთობაში არამართლზომიერი ჩარევის და დაჩრდილული ველების ადგილს არ დატოვებს, რა თქმა უნდა ეს კიდევ უფრო გაზრდის პარტნიორობის, ნდობის და თანამშრომლობის ხარისხს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

“პარტნიორები და მეგობრები ამ ტონალობაში არ ლაპარაკობენ. გაუგებარია ის მუქარები იმასთან დაკავშირებით, იმ კანონს ნუ მიიღებთო, რომელიც ათეული წლებია აშშ-ში უფრო მკაცრი ფორმით არსებობს” – ასე გამოეხმაურა პარტია საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა აშშ-ის 14 სენატორის წერილს, რომელშიც აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობის გადახედვაზეა საუბარი.
როგორც ირაკლი ზარქუა ამბობს, თავადაც მიესალმება აშშ-თან ურთიერთობის გადახედვას, უვიზო მიმოსვლის, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობებისა და ინვესტიციების ჩადების კუთხით.
“პარტნიორები და მეგობრები ამ ტონალობაში არ ლაპარაკობენ. გაუგებარია მუქარა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ათეული წლებია აშშ-ში უფრო მკაცრი ფორმით არსებობს. თან, გვეუბნებიან, რომ გადაიხედება ურთიერთობებიო. სიმართლე გითხრათ, მე პირადად გამიხარდება, თუ იმ პოზიციას და პოლიტიკას შეცვლიან, რაც აქამდე აქვთ საქართველოსთან მიმართებაში. სტრატეგიული პარტნიორები გვქვია და დღემდე არ აქვს საქართველოს უვიზო მიმოსვლა აშშ-თან, დღემდე არ აქვს შესაძლებლობა ჩვენს ბიზნესს, რომ თავისუფალი ვაჭრობა ჰქონდეს აშშ-თან. თუ სტრატეგიული პარტნიორი ხარ, ჩადე რა ინვესტიცია ქართულ ეკონომიკაში.
მილიარდობით დოლარით აფინანსებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რასთან დაკავშირებითაც ქართველმა ხალხმა, ერმა და ბერმა გითხრათ, რომ ამის ძირითადი ნაწილი ქართულ ინტერესებს არ ხმარდებაო. იმ ნაწილში, სადაც გვეხმარებიან – თავდაცვის მიმართულებით, დიდი მადლობა და დასაფასებელია, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი მაგარი ბიჭები ყველა საერთაშორისო მისიაში მონაწილეობენ ამერიკელ ჯარისკაცებთან მხარდამხარ. შეცვალეთ ის დაფინანსება – თუ გადახედვაა პოლიტიკის, ჩვენც ამისკენ მოგიწოდებთ. ამის გამო თუ გვემუქრებით და გვტუქსავთ, ეს უსამართლობაა,” – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

პრემიერ კობახიძისთვის მიწერილი 14 სენატორის წერილი ოფიციალურად გამოქვეყნდა

ეს წერილი განგაშის ზარია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა – ბიძინა ივანიშვილმა „რუსული კანონის” ხელმეორედ განსახილველად შემოტანით, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა – გაგრძელდება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გაჟღერებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 30 წლის განმავლობაში დიდი დახმარება გაუწია და მიიჩნევს, რომ „უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირებით, პარტნიორი ქვეყნის მხრიდან დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
„ეს წერილი განგაშის ზარია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა. ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება, 30 წლის განმავლობაში იყო გადამწყვეტი ფაქტორი, ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის. ეს დახმარება მნიშვნელოვანია საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქისთვის, იმიტომ რომ 6 მილიარდზე მეტი დახმარება, რომელიც მათ ჩვენი ხალხისთვის გაიღეს, პირდაპირ მიდის ქართველი ხალხის სიკეთისთვის, იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება თუ სხვა. ასევე, რაც მთავარია ჩვენის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემა დიდწილად, სწორედ ამერიკულ დახმარებაზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი სენატორები ადასტურებენ მათ ურყევ მხარდაჭერას ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიმართ, ბიძინა ივანიშვილმა „რუსული კანონის” ხელმეორედ განსახილველად შემოტანით, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა – გაგრძელდება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება. ბიძინა ივანიშვილი რომელიც იღებს კანონს, რომელიც [ცდილობს] მისი და სხვა ოლიგარქების სანქცირებული ფული ისე შემოზიდოს, რომ ერთი თეთრიც არ გადაუხადოს, ქართველ პენსიონერს, სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებულ ადამიანს, ქართველ ახალგაზრდას და დაიცვას რუსული ჭუჭყიანი ფული გადასახადებისგან, ამის პარალელურად ჩვენ ახლა გვაყენებს დარტყმის ქვეშ, რომ დავკარგოთ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება, რომელიც ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველას ესმის ის გზავნილი, რომელიც გუშინ მოვისმინეთ სენატიდან. ჩვენ ვართ გზაგასაყარზე, ჩვენ ან რუსული ხელისუფლების შეჩერებას ვირჩევთ, ან საქართველო დამოუკიდებლობის დაკარგვის გზას დაადგება. ამიტომ იმედი მაქვს რომ ხვალ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა და იტყვის, რომ „არა რუსულ კანონს! კი ევროპას“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამწუხაროდ, ცხადი ხდება რუსული კანონის მთავარი მიზანი. მისი მიზანია, ბოლომდე გააფუჭოს ურთიერთობები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და აიძულონ ისინი, გაწყვიტონ ურთიერთობები საქართველოსთან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის, სენატის 14 წევრის ერთობლივ წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „კანონპროექტი თუ იქნება მიღებული, იძულებული ვიქნებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის ცვლილება საქართველოს მიმართ“.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, რუსული კანონი სწორედ ამას ისახავს მიზნად, რომ პროვოცირება გაუკეთოს იმ ნაბიჯებს, რაზეც ახლა არის საუბარი ამერიკაში თუ ევროკავშირის მასშტაბით.
„მე ხელში მიჭირავს ორი დოკიმენტი. ერთი არის 14 ამერიკელი სენატორის მიერ ხელმოწერილი წერილი, სადაც ღიად არის საუბარი სანქციებზე იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც ანტიქართულ საქმეს ეწევიან და მეორე არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც საუბრობს ევროინტეგრაციის პრიცესის შეჩერებასა და უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე საქართველოში. ამ ორის ერთდროულად ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოს უბრალოდ ეკონომიკური განადგურება ემუქრება და ამ ყველაფერს საფრთხის წინაშე აყენებს დღეს „ქართული ოცნება“. რუსული კანონის მიღების მიზანი სწორედ ეს არის.
მინდა, პირველ რიგში, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მივმართო, არ არის ქართველი ხალხის არჩევანი ის, რასაც ახლა აკეთებს „ქართული ოცნება“ და არაერთხელ დადასტურდა მრავალათასიან მიტინგზე. აუცილებლად დადასტურდება ხვალაც, 19:00 საათზე და მომავალშიც. რაც შეეხება ჩვენს ქმედებას, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს არ მოხდეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველომ ეს უმძიმესი რეალობა გადაიტანოს რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით. დანაკარგები უკვე გვაქვს.
ჩვენს იმიჯს უკვე ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა „ქართულმა ოცნებამ“ ივანიშვილის თაოსნობით, მაგრამ ჩვენ ისე, როგორც არასდროს, უნდა ვიყოთ ერთიანები, რომ უბრალოდ გაბანკროტება, ეკონომიკის ჩამოშლა და ჩამონგრევა, საქართველის იზოლოაცია ავირიდოთ თავიდან. კიდევ ერთხელ მივმართავ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რასაც არ უნდა გავალებდეთ ივანიშვილი, იცოდეთ, რომ თითოეული თქვენგანი პასუხისმგებელი ხართ ქვეყნის, ერისა და თქვენი სამშობლოს, თქვენი ოჯახებისა და შვილების წინაშე. წარმოუდგებელია, დავუშვათ პრეცედენტი, რომ საქართველო მოექცეს იზოლაციაში. რუსული კანონი სწორედ ამას ისახავს მიზნად, რამენაირად გააფუჭოს ურთიერთობა დასავლეთთან და პროვოცირება გაუკეთოს იმ ნაბიჯებს, რაზეც ახლა არის საუბარი ამერიკაში თუ ევროკავშირის მასშტაბით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს არ მოხდეს და რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით გადავიტანოთ ეს ყველაფერი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ეს კანონპროექტი არის სასიცოცხლო საფრთხის შემქმნელი არამხოლოდ ჩვენი ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ მთლიანად, დასავლურ სამყაროსთან ურთიერთობაში არის წითელი ხაზის გადაკვეთა,” – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ფავლენიშვილი აშშ-ის 14 სენატორის წერილს, რომელშიც აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობის გადახედვაზეა საუბარი,
მისივე თქმით, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გაიწვიოს კანონი, რადგან ის ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.
“ამიტომ, სასწრაფოდ უნდა იქნეს გაწვეული ეს კანონპროექტი, რადგან აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს და ყველა ქართველის ინტერესებს, რომელთაც სურთ დასავლური სამყაროს წევრობა,” – აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

სენატორთა წერილი საბოლო განაჩენია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სასამართლოზე, გნებავთ, სასაფლაოზე, – ამის შესახებ „ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
როგორც გეგელია აღნიშნავს, 14 ამერიკელი სენატორი ღიად ამბობს, რომ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორებს მტრებად აცხადებს.
„ქართულმა ოცნებამ“ შეუძლებელი შეძლო, პირველად, ამერიკა-საქართველოს ისტორიაში, ვაშინგტონში ორპარტიული კონსენსუსი შედგა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ღიად ჩადგა რუსეთის სამსახურში, საკუთარ ერს გამოუცხადა ომი და გაცდა საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებს, რომ საქართველოს ხელისუფლება – ვციტირებ, „აქტიურად უთხრის ძირს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ამბიციებს“, რომ ვციტირებ – „რუსული სტილის კანონის მიღების შემთხვევაში ხელისუფლება ღია ომს უცხადებს სწორედ იმ პარტნიორებს, ვინც საქართველოს სუვერენულობის, ტერიტორიული მთლიანობის და განვითარების გარანტორია“ და რომელსაც კიდევ ერთხელ ვციტირებ – „ასობით მილიონი დოლარი აქვს ინვესტირებული საქართველოში“. 14 ამერიკელი სენატორი ღიად ამბობს, რომ ეს კანონპროექტი მტრებად აცხადებს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან მოყვარეს, პარტნიორებს და რომ მისი მიღება ჯერ კიდევ არნახული სიმწვავის ზომებს გამოიწვევს. კერძოდ, პირველად, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების ხანგრძლივ და მჭიდრო ურთიერთობებში, აშშ იძულებულ იქნება ურთიერთობებს გადახედოს საქართველოსთან, რაც შეიცვას პასუხისმგებელი პირების დასანქცირებას, ამერიკის ფინანსური დახმარების გადახედვას საქართველოსთვის, რაც თავის მხრივ, ნიშნავს, რომ საქართველო ასობით მილიონის ოდენობით კრიტიკულ დახმარებას დაკარგავს, რომელიც 30 წლის განმავლობაში მილიარდობით დახმარებას გულისხმობდა“, – განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიციირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „14 სენატორის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი შეშფოთების უპრეცედენტო ნოტა სენატის მიერ დაფიქსირებულ სხვა განცხადებებს შორის ყველაზე მკაცრია“.

მსგავსი პოსტები

Back to top button