მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პანდემიასთან ბრძოლა ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ-ზურაბიშვილმა საპატრიარქოს მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, დიდგორობასთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ისევე როგორც 900 წლის წინ, მოსახლეობა ამ ომში წინდახედული, გამბედავი და ერთად შეკრული უნდა იყოს.

“900 წლის წინ, დიდგორი იყო ის ბრძოლა, საიდანაც საქართველოს კავკასიის ხალხებთან ერთად, მიუხედავად რელიგიური და ეროვნული ნიშნისა, გამოვიდა გამარჯვებული. ეს არა მხოლოდ ეროვნული სიამაყის საფუძველია, არამედ წარმოადგენს ჩვენი, კავკასიური მომავლის გზასაც.
დიდგორი დღეს ვერ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ ვადიდოთ ჩვენი წინაპრების თავდადება, ვიამაყოთ ამ ღირსეული წარსულით და გმირობით. დღევანდელი დიდგორი პანდემიასთან ომია, რომელიც ემუქრება ჩვენს მოსახლეობას და სახელმწიფოს, რომელმაც ჩვენი 6 278 მოქალაქე უკვე იმსხვერპლა. ნუთუ ეს ამ მცირერიცხოვანი ერისათვის არ უდრის ბრძოლის ველზე დიდ დანაკარგს”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მოუწოდებს მრევლს კურთხევა მისცეს, კორონავირუსის ვაქცინის გასაკეთებლად.

“აქაც, როგორც ყველა დიდი გამოწვევის წინაშე, მთავარი ამოსავალი წერტილი და გამარჯვების ერთადერთი გასაღები ჩვენს ერთობაში იყო და არის. ამ ერთობას საქართველოს ეკლესია განასახიერებდა, მტერზე გამარჯვებას წინ უძღოდა და ერს ზურგს უმაგრებდა. დღესაც აუცილებელია, რომ ეკლესიამ ამ გადარჩენის ბრძოლაში თავისი კუთვნილი, უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.

ქართული ეკლესია მუდამ პიროვნული თავისუფლების არჩევანისა და პასუხისმგებლობის მხარეს იდგა და დღესაც დგას. თუმცა, დღეს კურთხევის გარეშე ძნელი წარმოსადგენია მინიჭებული თავისუფლების რეალური განხორციელება. ასეთია დღეს ეკლესიის გამოწვევა და საპასუხისმგებლო არჩევანი. ეს ბრძოლა ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ”, – თქვა ზურაბიშვილმა.

შეგახსენბთ, ბოლო 24 საათში ჩატარებული 49 189 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 5128 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 49 პაციენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button