მნიშვნელოვანისიახლეები

პარტია არ არსებობს და მისი წევრი როგორ უნდა არსებობდეს-ოცნება ენმ-ს გამოეხმაურა

პარტია არ არსებობს და მისი წევრი როგორ უნდა არსებობდეს, წარმოუდგენელია, ვერსაიდან გარიცხავენ და ვერც მიიღებენ, რადგან პარტია არ არსებობს, პარტია მთლიანად დაშლილია, სატელევიზიო სივრცეში არსებობენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, კარგია ის, რაც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება.

„ერთმანეთს რიცხავენ, ერთმანეთს ებრძვიან და ეს არის ბიუჯეტიდან მოპარული და შემდეგ სხვადასხვა ბიზნესში დატრიალებული ფულისთვის და გავლენებისთვის ბრძოლა. სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ არარსებულ პარტიასაც კი, რაღაც რეიტინგები აქვს შემორჩენილი, დრამატულად ეშვება რეიტინგი, მათი პარტნიორების მიერ ჩატარებული კვლევებითაც კი, დრამატული ვარდნა აქვთ. ეს ნიშნავს, რომ პარტია პრაქტიკულად აღარ არსებობს, თუმცა გავლენები, ტელევიზიები, ფული არსებობს და ამის გადანაწილებისთვის შიდა ბრძოლებია, სააკაშვილის კარზე ვინ მეტ ქულას დაიწერს, ამაზეც არის ცალკე ბრძოლები, მათ შორის მათი ოლიგარქების კარზეც ბრძოლა მიმდინარეობს, ვინ მეტ ქულას დაიწერს და ვინ უფრო გამოიჩენს რადიკალიზმში თავს. ეს პარტია იმის გარდა, რომ წარსულის მძიმე ცოდვებით არის დამძიმებული, დღეს უკვე მავნებლობით არის დაკავებული. თუ ამ მავნებლობის ხარისხს ამცირებენ ხოლმე და არ ჩანან, შიდა დაპირისპირებებით არიან დაკავებული. ასეთი დრამატული სიტუაცია აქვთ, თუმცა ეს კარგია, რაც მეტი ასეთი მოხდება, უფრო აჩენენ თავის სახეს. ბევრი გულწრფელი ადამიანი შეიძლება, მხარს უჭერდეს, შესაბამისად, ამ ადამიანის რწმენისთვის, რომ კიდევ შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს უჭერდე, ამ ადამიანების სამომავლო არჩევანისთვის კარგია. ისინი ამით თავის სახეს აჩენენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის ფაზაშია.

“გაარკვიეს, რომ ნიკა მელია ირიცხება, მაგრამ პარტიაში ირიცხება თუ პარტიიდან ირიცხება, ჯერ ვერ გაარკვიეს. როგორც ჩანს, ნიკა მელია ჯერ კიდევ რჩება ლევან ხაბეიშვილის თავის ტკივილად და ლევან ხაბეიშვილი რჩება ნიკა მელიას გულისტკივილად. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სტატუს-კვო, რომელიც დაშლის ბოლო ფაზაშია, რომელიც 2024 წლის არჩევნებს უკიდურესად მოუმზადებელი, დაშლილი და დასუსტებული ხვდება. ეს არის ლოგიკური შედეგი, რომელსაც იმსახურებს „ნაციონალური მოძრაობა“. რაც დათესეს, იმას იმკიან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში” შექმნილ ვითარებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პროცესები საბოლოო ჯამში, აღნიშნული პარტიის დაშლით დასრულდება.

“რაც ამ პარტიის შიგნით ხდება, საბოლოო ჯამში არა მარტო პარტიის დაშლით, არამედ ძალიან დიდი ალბათობით, პოლიტიკური ერთეულის გაქრობითაც დასრულდება. ერთმანეთში აქვთ სრული შეუთანხმებლობა და ყველა მიმართულებით მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციაზე ფიქრობს ეს პოლიტიკური ძალა,” – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

პოლიტიკური მარცხი, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” განიცადა, გრძელდება და ვფიქრობ, მალე ამ პოლიტიკური პარტიის სრული აღსასრულით დასრულდება, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც ლევან ხაბეიშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესები არასერიოზულ დამოკიდებულებას იძენს.

“შთამბეჭდავი სცენა იყო, არ ვიცი სერიოზული კომენტარის გაკეთება ამაზე რამდენად შეიძლება, ეს ყველაფერი ემსგავსება თამაშს და ეს არასერიოზული დამოკიდებულება მაინც და მაინც კარგი სანახავი არ არის, რადგან საკმაოდ მსხვილი პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც ჰქონდა მსხვილი ამბიციები, გასაგებია ახლა რა მდგომარეობაშია, მაგრამ მისი ლიდერის ასეთი ამჩატებული დამოკიდებულება საკითხებისადმი, არ გამოიყურება კარგად. ამ პოლიტიკურ პარტიაში არამც თუ წერტილის დასმა არ გამოიწვია ამან, არამედ ახალი მწვავე კონფლიქტების საფუძველი გახდა, რაც “ნაციონალური მოძრაობიდან” ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან უკვე გამოიხატა განცხადებებში. პოლიტიკური მარცხი, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” განიცადა, გრძელდება და ვფიქრობ, მალე ამ პოლიტიკური პარტიის სრული აღსასრულით დასრულდება, ასეთი პირი უჩანს,” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

იმის მერე, რაც გაირკვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის ოლიგარქიული მმართველობა და არაფორმალურ მმართველობას თავად ოპოზიციონერები აღიარებენ, ახლა გავარკვიეთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცისფერი მთებიც ყოფილა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კარგი პროცესები მიმდინარეობს.

„ოფიციალურად მელიას ვერ რიცხავენ, მაგრამ პირდაპირ ეთერში, როგორც ჩანს, მისტერ ოფშორმა დარეკა, შეუცურეთ მელიას ცარიელი ქაღალდიო, დაწერეთ, რომ მელია აღარ არის „ნაცმოძრაობაშიო“. რა ექნა კლოუნ ხაბეიშვილს და იქვე ხელი მოაწერა. თუმცა, ალბათ მეორე ხელზე „ნიჩურიტი“ ჰქონდა. „ვივამედიდან“ დაურეკავენ თუ კვიპროსიდან, ამის მიხედვით იტყვის, რა მექნა, ხელი მოვაწერე, მაგრამ „ნიჩურიტი“ მქონდაო. თუ იტყვიან, უნდა გაგერიცხაო, ხელი ხომ მოვაწერეო. ეს რეალობაა „ნაცმოძრაობაში“, კარგი პროცესია. ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებში უკვე არის განცდა, რომ 2024 წლისთვის, მათ შორის, ვინც მხარს არ უჭერს სახელისუფლო გუნდს, ნორმალურ ოპოზიციურ პარტიებს მისცენ ხმა და ეს ძალიან კარგია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მოქმედ თავმჯდომარეს უნდა და ვერ უშვებს ყოფილ თავმჯდომარეს. ყოფილ თავმჯდომარეს უნდა წასვლა და ვერ მიდის, ცირკია, სამწუხაროდ, ასეა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს.

„შემდეგ ეს ხალხი გამოვა და იტყვის, რომ ესენი დაამარცხებენ ივანიშვილის რეჟიმს, მართლა სასაცილოა. მე სერიოზულს ვერ დავარქმევ ასეთ მოცემულობას და, სამწუხაროდ, ასეთი პროცესები იმის გაგრძელებაა, „ოცნებამ“ რომ გაიმარჯვა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტარჩევნებში, მაგის გაგრძელებაა ზუსტად, წყალს ასხამენ „ქოცების“ წისქვილს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

არცერთი პარტია და არცერთი ორგანიზაცია არ არსებობს, სადაც დირექტორი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებს, ლევან ხაბეიშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო პოლიტსაბჭოსთან შეთანხმების გარეშე, რომელიც ალბათ აქვთ და რომელიც იმ ადამიანის დაწერილ მანიფესტს იხილავს, რომელიც არც საქართველოს მოქალაქეა და პარტიაშიც არანაირ იერარქიულ პოზიციას არ იკავებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობაში“ სრული ქაოსია და დაშლის პროცესი მიმდინარეობს.

„ლევან ხაბეიშვილის მხრიდან პარტიული საკითხების ცოდნა კიდევ ერთხელ დადასტურდა. „ნაცმოძრაობაზე“ მსჯელობა, როგორც ერთიან მონოლითურ პოლიტიკურ ძალაზე, აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია. ეს პარტიაც აღარ არის, არის რევოლუციური კომიტეტი, რომელმაც თუ ერთი რევოლუციონერი გარიცხა, მეორე ამას აპროტესტებს. აბსურდის თეატრსა და რევოლუციური კომიტეტის დაშლას ვუყურებთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, გუშინ პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.

მსგავსი პოსტები

Back to top button