მნიშვნელოვანისიახლეები

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი სახალხო დამცველის კონსილიუმსითხოვს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი ითხოვს, მასთან შევიდეს სახალხო დამცველი კონსილიუმის ჯგუფი. ამის შესახებ განცხადება გამოქვეყნდა სააკაშვილის “ფეისბუკის” გვერდზე.

“ბოლო დღეებში ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდა… უკვე რამდენიმე დღეა ვითხოვ კონსილიუმის შემოსვლას, რამდენადაც ვიცი ისინი მზად არიან.

ვთხოვ სახალხო დამცველს ხელი შეუწყოს ამ პროცესს, მით უფრო, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ექიმებს მთავრობა ჯიუტად არ უშვებს ქვეყანაში, ეს კონსილიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”, – აცხადებს სააკაშვილი.

სააკაშვილის ამ პოსტს წინ უსწრებდა სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადება. მისი თქმით, არასწორია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ექიმთა ჯგუფის სააკაშვილის გამოსაკვლევად მისვლა.

“კონსილიუმი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, თავად იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მონახულების თაობაზე და ამ პროცესში სახალხო დამცველი არ ერევა. გარდა იმ ფორმალური ნაწილისა, რაც მსჯავრდებულის მოსანახულებლად საჭირო რწმუნებების გაცემასა და ხელმოწერასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული საკითხი მოგვარებულია და რწმუნებები მათ ნებისმიერ დროს, მოთხოვნისთანავე გადაეცემათ”, – წერია სახალხო დამცველის აპარატის გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს, 28 მარტს მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი შვილი უკვე 58 კილოა. “ვივამედის” კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე პირველ არხთან საუბრის დროს აცხადებს, რომ “სინამდვილეში პაციენტი ბევრად მეტს იწონის”:

“დღეისთვის პაციენტი იწონის 64 კილოგრამს და 400 გრამს. წინა მონაცემთან შედარებით, მომატებულია”.
ჩხაიძე ამბობს, რომ სააკაშვილი საჭმელს ვერ იღებს, თუმცა აქვე ამტკიცებს, რომ მესამე პრეზიდენტი იღებს იმაზე ბევრად უფრო რთულად ასათვისებელ საკვებს, ვიდრე ამას თავად სთავაზობენ.

“დღეისთვის პაციენტი იწონის 64 კილოგრამს და 400 გრამს, ეს არის წინა მონაცემთან შედარებით მომატებული. ვერ იღებს პაციენტი საკვებს, თუმცა იღებს ბევრად უფრო ძნელად ასათვისებელ და მოსანელებელ საკვებს, ვიდრე ვთავაზობთ ჩვენ. უარს აცხადებს სამკურნალო დანიშნულების მიღებაზე, ყველაფერი, ყველა მისი მოძრაობა, ყველა უარი ფიქსირდება სამედიცინო ბარათში. მედიკამენტებზე, სამკურნალო დანიშნულებაზე და ასევე, სამკურნალო პროცედურებზე”, – ამბობს ჩხაიძე.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები კი ლევან იოსელიანისგან ელოდებიან ინფორმაციას, როდის ექნებათ კლინიკა ,,ვივამედში” შესვლის და მესამე პრეზიდენტის მონახულების შესაძლებლობა. ექიმი გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ ომბუდსმენთან ონლაინ კომუნიკაცია ჰქონდათ, დაახლოებით 10-12 დღის წინ, რის შემდეგაც ელოდებიან თუ იქნება გადაწყვეტილება შესვლასთან დაკავშირებით.
“ჩვენ გვქონდა ონლაინ კავშირი ომბუდსმენთან, ომბუდსმენს აქვს სურვილი, რომ ჩვენ გავაგრძელოთ მუშაობა და გვითხრა, რომ დაგვიკავშირდება, ამის შემდეგ, ეს იყო დაახლოებით 10-12 დღის წინ, ამის შემდეგ ველოდებით, თუ იქნება გადაწყვეტილება შესვლაზე, რა თქმა უნდა, შევალთ. ამას ყოველთვის წყვეტდა ომბუდსმენის სამსახური, როდის შევიდეთ, რანაირად, თუ არ მოვიდა იქიდან ინფორმაცია, ჩვენ ჩვენი ინიციატივით იქ ვერ შევალთ ვერანაირად”, – თქვა გრიგოლიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში” მოინახულეს ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრებმა. ისინი ასევე შეხვდნენ ომბუდსმენის კონსილიუმის წევრებს, რომლებმაც მათ მიერ მომზადებული დოკუმენტაცია გადასცეს.

მმართელი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმზეა გადასული.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სააკაშვილი გადასხმაზე უარს ამბობს.

“სააკაშვილი არის თვითდაზიანების რეჟიმში და არ ჭამს საჭმელს. ზოგიერთი ამბობს, რომ ვერ ჭამს. მაშინ რას მივაწეროთ ის ამბავი, რომ გადასხმებზე ამბობს უარს? მარტივი ამბავია.

რომელიმე თქვენგანს კითხვა არ გიჩნდებათ, რომ საჭმელს მართლა თუ ვერ ჭამს, ამის შეცვლა სხვა სამედიცინო საშუალებებით ხომ შეიძლება.

რატომ არ იღებს სხვა სამედიცინო მომსახურებას, რომ სხვა გზით მიიღოს შესაბამისი კალორიები? გადასხმასაც ვერ იკეთებს? ხომ შეუძლებელია. ამიტომ მარტივი ტყუილია,”- აცხადებს მდინარაძე.

უცნობია თარიღი, როდის ჩამოვლენ საქართველოში პოლონელი ექიმები, რომლებმაც მესამე პრეზიდენტი უნდა მოინახულონ. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკვე სამი კვირაა ელოდება ევროკავშირის კონსილიუმს. ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, პოლონელი ექიმების ვერ შესვლა სააკაშვილთან საქართველოს რეპუტაციისთვის ძალიან ცუდია.

ის ამბობს, რომ მათ შეუძლიათ ნათლად დაანახონ ევროპელ პარტნიორებს, თუ რა მდგომარეობაშია საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

“პოლონელი ექიმების ჩამოსვლას შეუძლია კიდევ უფრო ნათლად დაანახოს ჩვენ ევროპელ პარტნიორებს თუ რას უშვრებიან ვლადიმერ პუტინის ტყვეს საქართველოში, რუსეთის პატიმარს საქართველოში, რა ჯანმრთელობის მდგომარეობამდე არის ის მიყვანილი. ამის თავიდან აცილებას ცდილობს საქართველოს მთავრობა. ჩვენ არაერთხელ გაგვიგია, მათ შორის უმაღლეს დონეზე ქართულ ხელისუფლებაში, რომ თითქოს ნებართვა გაცემულია, ვინც უნდა ის ჩამოიყვანოს სააკაშვილმა, თუმცა რეალობა არის ერთი, რომ პოლონელი ექიმები, რომლებიც უკვე დგანან პასუხის მოლოდინში უკვე რამდენიმე კვირაა, იღებენ მხოლოდ უარყოფით პასუხებს. ის რომ პოლონელი ექიმები ვერ შედიან სააკაშვილთან არის ძალიან ცუდი, როგორ საქართველოს რეპუტაციისთვის, ასევე სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის”, – თქვა თუთბერიძემ.

იუსტიციის სამინისტროში ამ დრომდე ამბობენ, რომ პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, რომ მოწვეულმა ექიმმა უმკურნალოს მიხეილ სააკაშვილს, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ პოლონელმა ექიმებმა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა “ვივამედშია” – ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა, გაუმჯობესების ნაცვლად, სულ უფრო მძიმდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინათ ან გადაევადებინათ სასჯელი და საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button