ფიროსმანის ტილო ივანიშვილმა მილიონ-ნახევარ დოლარად შეიძინა
“საქართველოს უბრუნდება ნიკო ფიროსმანის ნახატი “არსენალის მთა ღამით”, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა კრისტის აუქციონზე მილიონ-ნახევარ დოლარად შეიძინა”, – ამ ინფორმაცია ორგანიზაცია 20/30 ავრცელებს, რომლის დამფუძნებელი და დამფინანსებელიც ბიძინა ივანიშვილი არის.
ნიკო ფიროსმანის ნახატი ლონდონში, კრისტის აუქციონზე, 1 ივნისს 1,486,100 დოლარად გაიყიდა. ნამუშევარი 1907-1908 წელსაა შექმნილი.
ფიროსმანის ნამუშევარი, რომ საქართველოში დაბრუნებულიყო, ქართველმა მუსიკოსებმა და ხელოვანებმა აქცია რამდენიმე დღის წინ წამოიწყეს. ისინი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, რომ ფული შეეგროვებინათ და ნახატი ქართველ ხალხს ეყიდა. ორგანიზატორებმა ბიზნესმენებსაც მოუწოდეს, რომ თუ მოსახლეობაში თანხის შეგროვება ვერ მოესწრებოდა, დროებით ნახატი რომელიმე მათგანს ეყიდა და შემდეგ საზოგაეობა მას გამოისყიდიდა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, ნახატი ივანიშვილის კერძო კოლექციებში იქნება დაცული, თუ მას ქვეყნის რომელიმე მუზეუმს გადასცემს.
1957 წელს, “არსენალის მთა ღამით” 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფრანგ პოეტ, ლუი არაგონს აჩუქეს და წლების განმავლობაში ტილო მის პირად კოლექციაში ინახებოდა. ის ჯერ 2007 წელს სოტბის, ხოლო 2010 წელს ლონდონის აუქციონზე გაიყიდა.