ფულის მასა ბოლო 1 წელიწადში 2.1 მლრდ ლარით გაიზარდა

ფულის მასა სექტემბერში, გასული წლის ანალოგიორ პერიოდთან შედარებით, 16%-ით 15.212 მლრდ ლარამდეა გაზრდილი. ფართო ფულის ოდენობა ბოლო 9 თვეში 1.552 მლრდ ლარით, ხოლო ბოლო 12 თვეში 2.144 მლრდ ლარით გაიზარდა.
M2-ის გარდა, რომელიც ეროვნულ ვალუტაში ნაღდ ფულს, პლუს მიმდინარე ანგარიშებსა და დეპოზიტებს აერთიანებს, ფულის ყველა სხვა აგრეგატი გაზრდილია და რეკორდულ ნიშნულს აღწევს.
ბანკებს გარეთ არსებული ნაღდი ფული, იგივე M0, ბოლო ერთ წელიწადში 2%-ით 3.662 მლრდ ლარამდეა გაზრდილი. M1, რომელიც ნაღდ ფულთან ერთად მიმდინარე ანგარიშებსაც მოიცავს, 11%-ით 10.7 მლრდ-მდე, რაც 1.063 მლრდ ლარიან ზრდას ნიშნავს. M3 თავის თავში უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებსაც აერთიანებს. ეს უკანასკნელი ბოლო 12 თვეში 13%-ით 32.457 მლრდ ლარამდე გაიზარდა. 4%-ით 4.464 მლრდ-დან 4.648 მლრდ ლარამდე გაიზარდა მიმოქცევაში არსებული ლარის მასაც.
ფულის მასის ზრდა, თუ მას თან ეკონომიკის ზრდაც არ ახლავს, ინფლაციას იწვევს, თუმცა არა პირდაპირპროპორციულად. 2020 წელს M2 – ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი — 19%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ კი 5.2% შეადგინა. თანხები კრიზისის ნეიტრალიზაციას მოხმარდა. ფასების მატება მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების 70%-იანმა ვარდნამაც შეაჩერა. წელს ფულის მასა უფრო ნაკლებად გაიზარდა, თუმცა ინფლაცია 12.8%-ს აღწევს.
ლარი მიმოქცევაში 1995 წლის ოქტომბერში გაეშვა. ამ ხნის შემდეგ M0-ის მოცულობა 43-ჯერ, მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის მოცულობა 49-ჯერ, M1 – 100-ჯერ, M2 – 135-ჯერ და M3 – 247-ჯერ გაიზარდა.
წყარო: “კომერსანტი”