მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პირველი რეისები სოჭიდან თბილისში-რუსული თვითმფრინავი საქართველოში ფრენებს იწყებს

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოში ფრენებს 15 ივნისიდან დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო სამსახურში, სოჭიდან თბილისის მიმართულებით ავიაკომპანიის პირველი რეისი ხუთშაბათს, 15 ივნისს და სამშაბათს, 20 ივნისს, შესრულდება.

გარდა ამისა, 16 ივნისიდან ავიაკომპანია მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენების დაწყებასაც გეგმავს. ინფორმაცია მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტის ოფიციალურ ვებსაიტზეა გამოქვეყნებული. ცნობილია, რომ კვირაში 3 რეისი შესრულდება.

მანამდე ცნობილი იყო, რომ Red Wings-ს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რეისების შესასრულებლად ნებართვა 2 ივნისიდან მისცა.

ამასთან, რუსული ავიაკომპანიის ვებსაიტიდან გაქრა მანამდე ქვეყნების ჩამონათვალში მონიშნული „აფხაზეთი“.

მედიამ და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ Red Wings-ის მიმართულებების სიაში იყო “აფხაზეთი”, მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის მიმართულებით ფრენები არ ხორციელდებოდა. სიაში იყო, კერძოდ, გუდაუთა, გაგრა, ახალი ათონი, ბიჭვინთა და სოხუმი, ბაბუშარა. თბილისი აცხადებს, რომ ავიაკომპანია ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არ არის. თუმცა 2021 წელს უკრაინამ Red Wings-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, ანექსირებული ყირიმის მიმართულებით ფრენებთან დაკავშირებით.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა.

20 მაისიდან თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო ქართულმა კომპანია “ჯორჯიან ეარვეისმა”. მას კვირაში შვიდი რეისის შესრულების ნებართვა 16 მაისიდან აქვს. 19 მაისს დაიწყო პირდაპირი ფრენები რუსულმა ავიაკომპანია “აზიმუტმა”, რომლის პირველ რეისსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ.

რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევენ საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები.რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ საქართველოს დემარში გამოუცხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button