პრეზიდენტი ზურაბიშვილი მზად არის მეორე ვადით იყაროს კენჭი
მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. თუ ჩემ მიერ შეთავაზებული ქარტია ამოქმედდება, მზად ვარ, ვიყო მომლაპარაკებელი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა „ლე ფიგაროსთან“ ინტერვიუში მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ზურაბიშვილმა მიცემულ ინტერვიუში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, გამოწვევებსა და საერთაშორისო ურთიერთობებზეც გააკეთა აქცენტი.
მისი შეფასებით, ქვეყანა ახლა „ეგზისტენციალური არჩევანის წინაშეა – 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით მიჰყვება თავის ევროპულ ბედს, ან რუსეთის მსახურებაში დაბრუნდება, პუტინის რეჟიმის მოდელირებული რეჟიმით“.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონით ცდილობს, „ქვეყანა ევროპას მოჰკვეთოს და რუსეთის პროტექტორატის ქვეშ მოაქციოს. სწორედ ამ კანონით დაიმორჩილა პუტინმა თავისი სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები კი სრულყოფილად შეესაბამება იმას, რასაც პუტინი თავისთან აკეთებს“.
კითხვაზე, ურევია თუ არა მოსკოვის ხელი საკამათო კანონის მიღებაში, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიო არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ გააკეთა.
„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის ძალიან მკაფიო არჩევანი მოსკოვთან დაახლოებისკენ. ეს ნათელი გახდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. მას შემდეგ დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წინააღმდეგ თავდასხმებმა სისტემატური სახე მიიღო. ხელისუფლებამ მიატოვა ისტორიული პროდასავლური პოზიციონირება მოსკოვთან კავშირის სასარგებლოდ. სწორედ ამის გამო რუსეთის ლიდერები ქართველ კოლეგებს რეგულარულად ულოცავენ გადაწყვეტილებებისა და განცხადებების გამო. არის თუ არა ეს მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების”, ერთადერთი ინიციატივა თუ კრემლის ზეწოლა,- ძნელი სათქმელია. მაგრამ ცხადია, რომ ეს პოლიტიკა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერაა ნაკარნახევი, რომლის მოსკოვთან ურთიერთობაც ყველაზე გაუმჭვირვალეა.
ხელისუფლებისგან წინასაარჩევნოდ ყველაფერს უნდა ველოდოთ, მაქინაციებს, როგორიცაა დაბრკოლებების შექმნა, რათა ხელი შეეშალოს დიასპორას ხმის მიცემაში, რომელიც ამომრჩეველთა დაახლოებით, მესამედს წარმოადგენს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ქართველების შიშებზე გათვლილი პროპაგანდა – ომი თუ ლგბტ საკითხი“ – განაცხადა ზურაბიშვილმა „ლე ფიგაროსთან“ ინტერვიუში.
2018 წლის 16 დეკემბერს (სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს) ძალაში შესული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით აირჩევა. მას 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია.
საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 წევრი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის დანარჩენ წევრებს საკრებულოების დეპუტატებისგან აკომპლექტებენ.
საქართველოს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები იმართება პარლამენტის სასახლეში. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს.
არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
თუ არჩევნები არ შედგა ან საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩია, 30 დღის ვადაში იმართება საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები.
საარჩევნო წელს საქართველოს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები იმართება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის განმავლობაში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება (დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ). შესაბამისად, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები, სავარაუდოდ, 2024 წლის დეკემბერში ან 2025 წლის იანვარში ჩატარდება.