მნიშვნელოვანისიახლეები

“ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარის წერილს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები

ქართული ოცნებიდან “წასული” დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის წერილმა “ყველაფერს ფარდა” ახადა. თავის შეფასებაში ის კვლავ ანტიდასავლურ რიტორიკას აგრძელებს და ომში ჩართვის შესახებ თეორიებს ავრცელებს.
ამასთან, ხუნდაძის განმარტებით, ქვეყნის ომში ჩართვის რისკები შემცირებულია, მაგრამ კიდევ არსებობს, ამიტომ საჭიროა ქმედება და მთავარი როლი ეკუთვნის საზოგადოებას.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას და გზავნილებს შეიცავს.
მისივე თქმით, კომენტირებისას სიღრმეებში არ შევა და ამბობს, რომ დასკვნებს საზოგადოება თავად გამოიტანს.
ამასთან მანვე შეაფასა ივანიშვილის განცხადების ის ნაწილიც, სადაც ომში ჩართვის საფრთხეებზეა საუბარი.
ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში, რისკები ბუნებრივია რჩება, აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილის მოწოდება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად, როგორც ხელისუფლება ასევე საზოგადოება, აბსოლუტურად რელევანტურია
„ეს ნამდვილად ასეა. ჩვენც ხშირად გვისაუბრია ამ თემაზე. არსებობდა სერიოზული რისკი ომში ჩართვის კუთხით. გარკვეული ძალები ამით იყვნენ დაინტერესებული. ჩვენ კონკრეტულად ვსაუბრობდით იმ ძალებზე, რომლებიც ქვეყნის შიგნით აქტიურობდნენ ამ თვალსაზრისით. ესენი იყვნენ კონკრეტული პარტიები, კონკრეტული პოლიტიკოსები, კონკრეტული „ენჯეოები“, ეს იყო უკრაინის ხელისუფლება მთლიანად წარმოდგენილი და ესენი იყვნენ პოლიტიკური ოპონენტების ლობისტები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული ომის გაღვივების რიტორიკის კამპანიაში. ეს არის დღესავით ნათელი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ წერილსი საზოგადოებისთვის მკაფიო გზავნილებია მოცემული და დანარჩენ დასკვნებს თვითონ გამოიტანენ. რისკები, ბუნებრივია, რჩება, ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში. აქედან გამომდინარე, ბატონი ბიძინას მოწოდება, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად და ფხიზლად როგორც ხელისუფლება, ასევე საზოგადოება, აბსოლუტურად რელევანტურია“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს კომენტარის გაკეთება სთხოვეს ივანიშვილის განცხადების იმ ნაწილზეც, სადაც პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ამბობს, რომ 21 მარტს საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრა ჰქონდა.
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გვქონდეს სათანადო ურთიერთობები როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, სტრატეგიულ პარტნიორთან, ასევე ევროკავშირთან,
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის მხრიდან აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხზე გაკეთებული მოწოდება.
„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გვქონდეს სათანადო ურთიერთობები როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, სტრატეგიულ პარტნიორთან, ასევე ევროკავშირთან. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მიღებაც, რისთვისაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ეს არის მნიშვნელოვანი მოწოდება და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები წარიმართოს. მოგეხსენებათ, იყო გარკვეული სირთულეები ამ ურთიერთობებში, მათ შორის, ისიც, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, იყო დამაზიანებელი ზოგადად ამ ყველაფრისთვის. ჩვენ, ყველამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში ასეთი რისკები თუ ზიანი მაქსიმალურად ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას, ეს არის ჩვენი ამოცანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებლის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც თალაკვაძე ამბობს, წერილით ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ სცემს პასუხს შეკითხვას, ბოლო კვირების განმავლობაში არა ერთხელ გამეორდა მედიაშიც.

რადგან ხელისუფლებაზე ვერ მოხდა ზეწოლის განვითარება, ჩათვალეს ალბათ საჭიროდ, რომ რადგან ივანიშვილი ამ პარტიის დამფუძნებელია, გავლენა აქვს შეიძლება ხელისუფლებაზე, იქნებ ამ ადამიანის საშუალებით მოვახერხოთ ამ ზეწოლის განხორციელება, ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული მიხეილ ყაველაშვილის აზრით, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილს შეხვედრაზე მეორე ფრონტის გახსნაზე ესაუბრა.
„ჩემი ვარაუდით, იმას, რასაც ვფიქრობდი, ჩემთვის ეს დადასტურდა, მაგრამ თუ თქვენ გააგრძელებთ, რომ ვერ მიხვდით და გინდა თუ არა სიტყვა- სიტყვით რაზე იყო საუბარი, გვაქვს ამის შესაძლებლობა ჩვენც და თქვენც, რომ მოვითხოვოთ როგორც ქალბატონი კელი დეგნანისგან, ასევე ბიძინა ივანიშვილისგან ტექსტუალურად, რა დონის შეხვედრა იყო და რაზე იყო ზუსტად საუბარი.
ეს ხომ ჩემი პირადი ახირება არ არის, დარწმუნებული ვარ, თქვენც გაწუხებთ კითხვები, არ გიჩნდებათ კითხვა, რაზე შეიძლება ესაუბრათ ივანიშვილს და კელი დეგნანს, არსებობდა თუ არა (სურვილი), რომ საქართველო მართლა ომში ჩართულიყო? შეიძლებოდა თუ არა ეს სურვილი ყოფილიყო ან რის ხარჯზე შეიძლებოდა ყოფილიყო? ამ ადამიანს ხომ შეუძლია ამ კითხვებზე (პასუხი გასცეს), მე ხომ ფაქტებით ვესაუბრებოდი, რომ არ გაემიჯნა და პირიქით, მხარდაჭერა გამოხატა ლომჯარიას მიმართ, აღარ ჩავუღრმავდები იმას, რომ არასწორი და შეურაცხმყოფელი იყო მისი პირველი პასუხი, რომ აღარ წაიკითხა, ურთიერთპატივისცემა თუ გვაქვს, შეურაცხყოფად აქეთ უფრო ჩავთვლით, რომ არჩეულ ადამიანს ასე უდიერი პასუხი გასცა.
ჩემთვის ეს ყველაფერი გასაგებია, რაზე იქნებოდა საუბარი – რაზეც ვავითარებ ამ ლოგიკურ ჯაჭვს, რომ საქართველო უნდა ჩართულიყო, მეორე ფრონტი უნდა გაეხსნა და ამაზე იყო ზეწოლა ხელისუფლებაზე და რადგან ხელისუფლებაზე ვერ მოხდა ზეწოლის განვითარება, ჩათვალეს ალბათ, საჭიროდ, რომ რადგან ივანიშვილია, რომელიც ამ პარტიის დამფუძნებელია, გავლენა აქვს შეიძლება ხელისუფლებაზე, იქნებ ამ ადამიანის საშუალებით მოვახერხოთ ამ ზეწოლის განხორციელება,”- განაცხადა ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, უნდათ “ევროკავშირის წევრი გავხდეთ, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ ვიღაცამ მისთვის სასარგებლო ინტერესიდან გამომდინარე ჩათვალოს, რომ ამ ეტაპისთვის კარგი იქნებოდა, რომ უკრაინას დახმარებოდა საქართველო და საქართველოც მიიღებდა ამაში მონაწილეობას.”
ყაველაშვილი ასევე აცხადებს, რომ არ სურთ იყოს მანიპულაციები, ტექნიკური მთავრობის შექმნის მხარდაჭერა და “რაღაც გაურკვეველი რევოლუციური ძვრები იმიტომ, რომ ხელისუფლება ომში ჩართვას არ დათანხმდა.”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ისურვებდა, ბიძინა ივანიშვილსა და ელჩ კელი დეგნანს შორის შეხვედრასთან დაკავშირებით მეტი ღიაობა იყოს და ცნობილი გახდეს, რა თემებზე იყო შეხვედრაზე საუბარი.
ამასთან, ზარქუას თქმით, ზოგადად, კულუარულ, შიდა ინფორმაციაზე საჯარო განხილვებისგან თავს იკავებს და მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი წერილით ძალიან ბევრი რამ ითქვა.
ამავდროულად, ზარქუას განცხადებით, „მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამბობდნენ, რომ გარკვეული ჯგუფები, გარკვეული ძალები, მათ შორის ლობისტებიც ევროპაში, ცდილობენ, საქართველო ჩაითრიონ ომში“.

ოპოზიციაში გადასული საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მმართველი პარტიის, რომლის ლიდერიც თავადაც იყო, დამფუძნებლის გავრცელებული განცხადების შინაარსს სამწუხაროს უწოდებს. მან მედიასთან ამ საკითხზე მცირე კომენტარი გააკეთა.
ეს ყველაფერი აჩვენებს, როგორ შეიძლება დაეცეს ადამიანი და გაანადგუროს საკუთარი კეთილისმსურველობის მითი, დატოვოს საქართველო იზოლაციაში და სრულიად მარტო საოკუპაციო ძალის პირისპირ
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი პირადი ინტერესების გამო საქართველოს ევროპული მომავლით ვაჭრობს.
„ივანიშვილის წერილი არის მორიგი დადასტურება, რომ სწორედ ის არის მიმდინარე ანტიდასავლური პროპაგანდის უკან და ვაჭრობს საქართველოს ევროპული მომავლით პირადი ინტერესების გამო. ეს ყველაფერი აჩვენებს, როგორ შეიძლება დაეცეს ადამიანი და გაანადგუროს საკუთარი კეთილისმსურველობის მითი, დატოვოს საქართველო იზოლაციაში და სრულიად მარტო საოკუპაციო ძალის პირისპირ“, – წერს გახარია.

წერილიდან ის გავიგე, რაც ისედაც ვიცოდი, რომ ივანიშვილი ჩართული არის პოლიტიკაში, ამიტომ ვთვლი და ვამბობ, რომ ის უნდა დაბრუნდეს ფორმალურად პოლიტიკაში, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის საჯარო წერილს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, გარემოებები ადასტურებს, რომ ივანიშვილი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაშია ჩართული.
„{ივანიშვილი} ქალბატონ დეგნანს თუ სხვა ელჩებს უნდა შეხვდეს არა ისე, რაც მერე ბევრ კითხვის ნიშანს იწვევს, არამედ ცხადად, როგორც პოლიტიკური ფიგურა. ეს არის სწორი, რომ ადამიანი, რომელიც ჩართულია გადაწყვეტილებების მიღებაში, იყოს პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებებზე. ყველა გარემოება ადასტურებს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში ის ჩართულია,“ – განაცხადა იოსელიანმა.

ომთან დაკავშირებით საუბრობენ მარტო ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ლიდერები, ეს მათი რიტორიკა, მათი ქიმერაა, რომელიც შექმნეს და ამ ქიმერას ვითომ წარმატებით ამარცხებენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
როგორც ბეჟაშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, აშშ-ის ელჩთან შეხვედრით დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველია.

ივანიშვილის წერილი კიდევ ერთხელ დადასტურებაა, რომ დღეს ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა არის ოლიგარქიული ჩრდილოვანი მმართველობა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში მთავარი გამოწვევა არის ჩრდილოვანი მმართველობა.

პირადი ფინანსების და უსაფრთხოების გადარჩენა ქვეყნის აწმყოთი და მომავლით ვაჭრობის ხარჯზე, – ასე შეაფასა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებული წერილი.
როგორც ხაზარაძე განმარტავს, ივანიშვილისთვის მთავარია, „მხოლოდ თავად იყოს კარგად“.

უკვე შემდგარი ფაქტია – ივანიშვილი დასავლეთს ჩვენი ქვეყნის მომავლით ევაჭრება. აი, ასე, საქართველო ჩაწოლილი საქონელივით გამოდო დახლზე და ვაჭრობს! – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წერილს.
როგორც ის ამბობს, ამ ვითარებაში და ამ ძალასთან შეუძლებელია დეპოლარიზაცია.

ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს დასავლეთთან ულტიმატუმის ენით საუბარს უწოდებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები არაფორმალურ მმართველობაზე ამახვილებენ ყურადღებას.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ თუკი კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის მსგავსი შეხვედრა მართლაც შედგა, ეს მეტყვეებს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობასა და გავლენებზე.

ქვეყნის არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე.
“იგი არის ოლიგარქი, რომელიც არაფორმალურად მართავს ქვეყანას და ნამდვილად, მისი გზავნილების გარეშე, მისი პირადი გადაწყვეტილების გარეშე და ესეთი გადაწყვეტილება იყო სწორედ ომის პროპაგანდა და ომის რიტორიკა, ქართული ოცნების არც ერთ ლიდერს არ აქვს უფლება, რაიმე ესაუბროს.
ანუ, ის ომის პროპაგანდა, რომ თითქოს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, ელჩებს, კელი დეგნანს, კარლ ჰარცელს უნდოდათ და უნდათ საქართველოს ომში ჩათრევა, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება,” – ამბობს ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ რომ დღეს, 27 ივლისს ბიძინა ივანიშვილის ინტრესების დამცველმა იურიდიულმა კომპანიამ – MKD-მ მისი სახელით განცხადება გაავრცელა. წერილის მთავარი აქცენტები იყო მმართველი პარტიის გადადგმული ნაბიჯები, “ომში ჩართვა” და აშშ-ის ელჩთან შეხვედრა.
ამ წერილის მიხედვით, ივანიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანის სურვილით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეხვდა
ამავე წერილის მიხედვით, მისი პოზიცია ქვეყნის “ომში ჩართვაზე” მმართველი პარტიის პოზიციას ემთხვევა და მიიჩნევს, რომ ეს საკითხი დღემდე აქტუალურია.
“ომში ჩართვაზე” საუბრის შემდეგ მან ყურადღება გაამახვილა მის პირად პრობლემაზე შვეიცარულ ბანკთან და ეს საქართველოს დაუკავშირა.

მსგავსი პოსტები

Back to top button