მნიშვნელოვანისიახლეები

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მისულ სტუდენტებს პოლიციელების კორიდორი დახვდათ-შსს-მ აქციის მონაწილეები გააფრთხილა

აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან მსვლელობით „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლეს.
ახალგაზრდები, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან “ქართული ოცნების” ოფისამდე მსვლელობით მივიდნენ.

ადგილზე მისულ სტუდენტებს პოლიციელების კორიდორი დახვდათ.

შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

პროტესტის მონაწილეებს მიტანილი აქვთ პლაკატები წარწერით: „არა რუსულ კანონს“, „არა რუსულ ოცნებას“.

აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისთან ახლოს მისვლას ითხოვენ, რის საშუალებასაც მათ ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები არ აძლევენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ოფისთან მიახლოება სურთ, რათა უკეთ გააგონონ პროტესტის ხმა „ქართულ ოცნებას“, ამასთან, მომიტინგეებმა “ქართული ოცნების” მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.

შსს-ს წარმომადგენლების განცხადებით, სამართალდამცველებს გაკეთებული აქვთ კორდონი ექსცესების თავიდან ასაცილებლად და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად.
ჯერჯერობით უცნობია, სად გადაინაცვლებენ აქციის მონაწილეები “ოცნების” ოფისის შემდეგ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

აქციის მონაწილეები მსვლელობით ქართული ოცნების ოფისთან მივიდნენ და რუსული კანონის ინიციირებას აპროტესტებენ.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”- ნათქვამია განცხადებაში.

15 აპრილიდან თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები ყოველდღიურად იმართება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვენ.

17 აპრილს, ქართლმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მსგავსი პოსტები

Back to top button