საქართველო გაერო-ს ანგარიშში „ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი“ დონის ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა

გაეროს მიერ, ზედიზედ მესამედ, საქართველოს “ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი“ დონის უმაღლესი სტატუსი მიენიჭა.
ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი დონის, ანუ უმაღლესი კატეგორიის ქვეყნებს შორის რეიტინგის ხანგრძლივი გაუმჯობესებით, საქართველო ევროპაში მესამე სახელმწიფოა.
საზოგადოების კეთილდღეობის საზომებს შორის მსოფლიო მასშტაბით მოწინავე არის გაეროს ადამიანის განვითარების ინდექსი, რომელიც აერთიანებს კაცობრიობის განვითარების მრავალ ასპექტს – ეკონომიკურს, სოციალურს, შესაძლებლობებს, არჩევანის თავისუფლებას და ა.შ. იგი ფოკუსირებულია ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებაზე. მიღებული ქულების შესაბამისად, ქვეყნები 4 კატეგორიად ნაწილდება, შესაბამისად – ადამიანური განვითარების „ძალიან მაღალი“, „მაღალი“, „საშუალო“ და „დაბალი“ დონის მიხედვით.
ადამიანის განვითარების ინდექსში საქართველოს სარეიტინგო პოზიცია 2015–2022 წლებში 4 პუნქტით გაუმჯობესდა და გაუმჯობესების ამ მაჩვენებლით, „ძალიან მაღალი დონის ქვეყნებს“ შორის საქართველო მსოფლიოში მეთერთმეტეა ირლანდიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ხორვატიის, საუდის არაბეთის, თურქეთის, ურუგვაის, პანამის, მალაიზიის, კოსტა-რიკას, ტაილანდის შემდეგ.
ადამიანის განვითარების 2023/2024 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ, წინა წელთან შედარებით, ადამიანის განვითარების ინდექსში (HDI) შეფასება გაიუმჯობესა და 60-ე ადგილზე გავიდა. ამასთან, საქართველოს, ზედიზედ მესამეd, მიენიჭა „ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი დონის“ სტატუსი. ადამიანის განვითარების ინდექსის სარეიტინგო პოზიციის ხანგრძლივი, ანუ 7-წლიანი, გაუმჯობესებით „ძალიან მაღალი დონის ქვეყნებს“ შორის საქართველო მსოფლიოში 11-ეა, ევროპაში კი მესამე (ირლანდიის და ხორვატიის შემდეგ). აღნიშნულ პერიოდში საქართველო რეიტინგში 4 ადგილით დაწინაურდა.
აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მესამე ანგარიშია, რაც საქართველო „ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი“ დონის მქონე ქვეყნის სტატუსს ოფიციალურად ატარებს. ადამიანის განვითარების მსოფლიო რეიტინგში გაერომ საქართველო 2000 წლიდან ჩართო. 2000 წელს ქვეყანა 69-ე ადგილზე გავიდა, 2012 წელს კი 71-ე ადგილამდე გაიუარესა სარეიტინგო პოზიცია, 2012 წლის შემდეგ კი ჩვენს ქვეყანას რეიტინგი 11 ადგილით აქვს გაუმჯობესებული და სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი დონის სტატუსს ატარებს.
საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის წევრ ბულგარეთს, ნატოს წევრ ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთს, პოსტსაბჭოთა სივრცეში – უკრაინას, მოლდოვას, ბელარუსს, ყაზახეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს და ა.შ.
შეგახსენებთ UNDP-ის ადამიანური განვითარების ინდექსი მსოფლიოს ქვეყნების განვითარებას სამი ძირითადი განზომილების მიხედვით აფასებს: სიცოცხლის ხანგრძლივობა და ჯანმრთელობა, განათლებაზე წვდომა და ღირსეული ცხოვრების სტანდარტები.
ზოგად მაჩვენებელთან ერთად, HDI ისეთ პარამეტრებსაც აქცევს ყურადღებას, როგორებიცაა უთანასწორობა, გენდერული სხვაობები, მრავალგანზომილებიანი სიღარიბე და პლანეტაზე განხორციელებული წნეხი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ადამიანური განვითარების ანგარიშს ეხმიანება და წერს, რომ მსოფლიო მასშტაბით მე-60 ადგილით, საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის 1 წევრსა და 6 კანდიდატ ქვეყანას.
“საქართველო განაგრძობს ადამიანური განვითარების ინდექსში აღმავალი ტრაექტორიით სვლას და უკვე მესამე წელია ზედიზედ ინარჩუნებს შეფასებას – “ადამიანური განვითარების ძალიან მაღალი დონე”. მსოფლიო მასშტაბით მე-60 ადგილით, საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის 1 წევრსა და 6 კანდიდატ ქვეყანას. საქართველოს მდგრადი პროგრესი ასახავს ეკონომიკურ, სოციალურ და არჩევანის თავისუფლების მიმართულებით ძალისხმევას. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საქართველო 71-ე ადგილს იყო ჩამოცდენილი. მას შემდეგ, ჩვენმა ქვეყანამ დიდი ნაბიჯები გადადგა წინ და ადამიანური განვითარების ინდექსში 11 საფეხურით დაწინაურდა. საყურადღებოა, რომ საქართველო ერთადერთია კავკასიაში “ადამიანური განვითარების ძალიან მაღალი დონით”, – წერს შალვა პაპუაშვილი.